სახალხო დამცველის ანგარიში

ომბუდსმენი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი

სახალხო დამცველის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების ეფექტური გამოძიებისათვის, მნიშვნელოვანია გადაიხედოს არსებული კანონმდებლობა და შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. როგორც ომბუდსმენის ანგარიშში წერია, 2013 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა პირმა მიმართა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა თუ უფლებამოსილების გადამეტების სხვა ფაქტებთან დაკავშირებით.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კვლავ პრობლემურია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე ჩატარებული გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

"ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამ კუთხით არსებობს როგორც საკანონმდებლო ხარვეზები, ასევე კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტაციის პრობლემა. ერთ-ერთ ასეთ საკითხად რჩება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციებისა და სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის კომპეტენცია და უფლებამოსილებები. სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების ეფექტური გამოძიებისათვის, მნიშვნელოვანია, გადაიხედოს არსებული კანონმდებლობა და შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც მსგავსი შემთხვევების მიუკერძოებელ გამოძიების უზრუნველყოფს. ასევე უნდა გაძლიერდეს სახალხო დამცველის უფლებამოსილება დახურულ დაწესებულებებში დარღვევების დაფიქსირების შესაძლებლობების კუთხით" - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

ადამიანის უფლებების კუთხით 2013 წლის მდგომარეობის შესახებ 633-გვერდიან ანგარიშს სახალხო დამცველი პარლამენტს დღეს წარუდგენს. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, დოკუმენტში საუბარია ყველა მნიშვნელოვანი დარღვევის შესახებ, რაც გასულ წელს საქართველოში მოხდა.

კომენტარები