სახალხო დამცველის ანგარიში

დარჩიაშვილი: ნანუაშვილს პოლიტიკური დევნის შემთხვევებზე სიტყვა არ უთქვამს

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს თავის ანგარიშში პოლიტიკური დევნის ასეულობით შემთხვევაზე სიტყვა არ უთქვამს და ეს მის პოლიტიკურ გემოვნებაზე მიანიშნებს.

„აქ არ არის აშკარად ობიექტური ბალანსი ნაპოვნი. სახალხო დამცველის დამოკიდებულება - ხელისუფლებისადმი სიმპათიებით, შეუნიღბავადაც ჩანს. ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს წარმატებებზე, ხოლო ის რა პრობლემებიც არის, ძირითადად, მაინც მეორეხარისხოვნის რანგში ჰყავს გადატანილი.

ის, რომ მას პოლიტიკური დევნის აშკარა, ასეულობით შემთხვევაზე სიტყვა არ უთქვამს, ესეც მის პირად პოლიტიკურ გემოვნებასა და დამოკიდებულებებზე მიანიშნებს“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების შექმნა, რაზეც სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი, კარგი იქნებოდა.

„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების შექმნა კარგი იქნებოდა, იმიტომ, რომ საუბარი იმაზე, თითქოსდა, დღევანდელი სამართალდამცავი, ძალოვანი სტრუქტურები დეპოლიტიზებულია, არის დიდი ტყუილი და აბსურდი, შესაბამისად, ამ სტრქტურებში ფუნდამენტური რეფორმები ჯერ კიდევ განსახორციელებელია“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

სახლხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტების ეფექტური გამოძიებისათვის, მნიშვნელოვანია, არსებული კანონმდებლობა გადაიხედოს და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას.

სახალხო დამცველი დღეს პარლამენტს ადამიანის უფლებების კუთხით 2013 წლის მდგომარეობის შესახებ 633-გვერდიან ანგარიშს წარუდგენს. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, დოკუმენტში საუბარია ყველა მნიშვნელოვანი დარღვევის შესახებ, რომელიც გასულ წელს საქართველოში მოხდა.

კომენტარები