ხუდონჰესი

ხუდონჰესის პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი წესებით განხორციელდება

0 კომენტარი

ხუდონჰესის ინვესტორმა კომპანიამ, ტრანსელექტრიკა ჯორჯიამ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხუდონჰესის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდება და პროექტის განვითარებაში ჩართულები არიან გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, კონსულტანტები და ექსპერტები, მათ შორის - მსოფლიო ბანკიც.

"გარდა იმისა, რომ ჩვენ მსგავსი პროექტების მშენებლობისა და მენეჯმენტის 50-წლიანი გამოცდილება გვაქვს, პროექტის განითარებაში ჩართულები არიან საერთაშორისო კონსულტანტები და ექსპერტები პროექტის მაქსიმალური ოპტიმიზაციის მიზნით, აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომპანია მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი წესებით ხელმძღვანელობს", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ხუდონჰესის ერთ-ერთმა ინვესტორმა, მოჰინდერ ვერმა ინდოეთიდან.

ტრანსელექტრიკას ტექნიკური ხელმძღვანელი საქართველოში დავით მირცხულავაა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხუდონჰესის მშენებლობის დროს 4000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ექსპლუატაციაში შესვლისთანავე კი 250 ადამიანი დასაქმდება.

ინვესტორებმა პრესკონფერენციის მიმდინარეობისას მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ აზომვითი სამუშაოების შედეგად, ის რამდენიმე ნებართვა, რომელიც ჯერ არ გაცემულა კომპანიაზე, მალე გაიცემა და მშენებლობაც  წინასწარ გათვლილ ვადებში დაიწყება.

საქართველოს მთავრობის მხრიდან ხუდონის პროექტის მნიშვნელობაზე სხვადასხვა დროს ისაუბრეს პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ. ყოველი მათგანი ხაზს უსვამს ენერგოდამოუკიდებლობის როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და ეკონომიკის განვითარებაში, მაგრამ ასევე აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ დაცული უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიც და დიალოგის სახით გადაწყდეს მშენებლობის დროს წარმოშობილი პრობლემები, რათა ყველა მხარე, რომელზეც პროექტი გავლენას მოახდენს, კმაყოფილი დარჩეს.

ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ეკოლოგიური საფრთხის შეფასება გააკეთა ეკოლოგმა მარიამ ქიმერიძემ. მან განაცხადა, რომ ჰესის მშენებლობა სვანეთს ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს არ შეუქმნის და რომ კლიმატის ცვლილებებზე ლაპარაკი საფუძველს არის მოკლებული.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დაფინანსებით მოხდა ხუდონჰესის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის სამი ძირითადი მიმართულებით შესწავლა. ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი განახორციელა შვეიცარიულმა კომპანიამ Colenco Power Engineering / Stucky; ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ჰესის ზემოქმედება შეაფასა ფრანგულ-იტალიურმა კომპანიამ BRL Ingenierie / ARS Progetti; გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება კი სერბულმა კომპანიამ, SEEC, გააკეთა.

პროექტის შეფასებები და ტექნიკური ანალიზი საჯაროა და ხელმისაწვდომია ტრანსელექტრიკას ვებსაიტზე (www.transelectrica.com), სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ დეტალებს.

ტრანსელექტრიკა ხუდონჰესის მშენებლობაში 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები