გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავას პროცესი მოსამართლის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

საქალაქო სასამართლოში დღეს თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავას პროცესი მოსამართლის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. 

დღევანდელ სხდომაზე უნდა გარკვეულიყო თუ რა შუამდგომლობებს დააკმაყოფილებდა მოსამართლე. დაცვის მხარე მტკიცებულებების ნუსხიდან დავით ალავიძის, დავით ავალიანის და ალექსი თაბუაშვილის ჩვენებების ამოღებას ითხოვს, რადგან მათი თქმით, ეს ჩვენებები ბრალდებულებმა მოტყუებით და ზეწოლის ქვეშ მისცეს. ბრალდების მხარე კი ითხოვს, საქმიდან გამოირიცხოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის გიორგი საბანაძის აღიარებითი ჩვენებები.

გიგი უგულავას განცხადებით, ადეიშვილის დაკითხვის ოქმი არა აღიარებითი ჩვენება, არამედ პოლიტიკური განცხადებაა.

"თვითონ ის ფაქტი, რომ პროკურატურა ასეთი რუდუნებით ითხოვს ამ პოლიტიკური განაცხადის საქმიდან ამოღებას, უკვე მრავლისმთქმელია“, - განაცხადა უგულავამ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის შეფასებით, პროკურატურა ტაკიმასხარაობით არის დაკავებული. როგორც უგულავამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში უთხრა, ივანიშვილი და ფარცხალაძე შეკერილი საქმეებით ცდილობენ იმ პრობლემების გადაფარვას, რომელთა წინაშეც ქვეყანა ჩააგდეს. მისივე თქმით, ასეთივე შეკერილია თბილისის განვითარების ფონდის საქმეც, რომელშიც ბრალდებული თავად არის.

თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავასთან ერთად ბრალდებულები არიან მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები დავით ალავიძე, ლექსო თაბუაშვილი და დავით ავალიანი. გამოძიება მათ თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავება.

 

კომენტარები