ასოცირების შეთანხმება

ღარიბაშვილი: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას წინ ვერაფერი დაუდგება

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას წინ ვერაფერი დაუდგება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ზუგდიდში, დადიანის სასახლის ეზოში, მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ქართველი ხალხი უკვე იგრძნობს იმ სიკეთეს, "რასაც ევროპასთან დაახლოება მოგვიტანს". 

"ჩვენ სულ რამდენიმე თვეში ხელს მოვაწერთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის ევროპასთან, ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოების კიდევ ერთი ნაბიჯი. მოგეხსენებათ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირის წევრობას არ ნიშნავს, მაგრამ ასოცირების ხელშკრულების ხელმოწერით ჩვენი ხალხი უკვე იგრძნობს იმ სიკეთეს, რასაც ევროპასთან დაახლოება მოგვიტანს - იხსნება ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები, ჩვენს ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ ქართული პროდუქცია შეიტანონ ევროპაში, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ეს პროდუქცია ევროპის მაღალ სტანდარტებს დააკამყოფილებს. გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში უვიზო მიმოსვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ჩვენ მხარში გვიდგანან ევროპელი მეგობრები და ამერიკის შეერთებული შტატები. გარწმუნებთ, ხელმოწერას წინ ვერაფერი დაუდგება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებით, დგება დრო - "ხაზი გაივლოს ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის". პრემიერი დარწმუნებულია, რომ ხალხი გამოუცხადებს ნდობას კოალიცია ქართულ ოცნებას.

"ჩვენ შევძლებთ ბოლომდე განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეუქცევადს გახდის; ცვლილებები, რომლებიც ჩვენს სამშობლოს მოწინავე, პროგრესულ სახელმწიფოთა რიგში ჩააყენებს. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ. ამისათვის ხალხის მხარდაჭერა გვჭირდება, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება და მჯერა, რომ ეს მხარდაჭერა გვექნება", - თქვა ღარიბაშვილმა ზუგდიდში.

კომენტარები