ინფრასტრუქტურული პროექტები

ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვამბობთ უარს წინა ხელისუფლების მიერ წამოწყებულ პროექტებზე

ირაკლი ღარიბაშვილი

"დაგეგმილი გვაქვს, ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტად ვაქციოთ. ალბათ, ხედავთ, რომ ჩვენ არ ვამბობთ უარს იმ პროექტებზე, რომლებიც წინა ხელისუფლებამ წამოიწყო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის მთავარია, ყველა პროექტი კარგად იყოს გათვლილი და რეალური სარგებლის მოტანა შეეძლოს ქვეყნისთვის. პრემიერი აღნიშნავს, რომ ახალი პორტის რამდენიმე პროექტი არსებობს. მისივე განმარტებით, საპარტნიორო ფონდმა შეისწავლა, თუ როგორ უნდა შევიდეს რკინიგზა არსებულ ტერიტორიაზე, მიწის რა ნაკვეთები დასჭირდება პორტს და რა რაოდენობის ტვირთისთვის უნდა იყოს ის გათვალისწინებული. ზუგდიდელებთან შეხვედრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს აღადგინოს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და სრული რესტავრაცია ჩაუტაროს დადიანის სასახლეს.

"დეტალური კვლევა უტარდება ანაკლიის პროექტს. კვლევას ატარებენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონური კომპანიები. დაახლოებით სამ თვეში გვეცოდინება დეტალები", - თქვა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ წინა წლებში, უამრავი ფინანსური რესურსი გადაიყარა წყალში.

"ხელში შეგვრჩა მხოლოდ საეჭვო ღირებულების უფუნქციო მონუმენტები. გათვლები არასწორად იყო გაკეთებული, რელიეფი საერთოდ არ იყო შესწავლილი და სწორედ ამის გამოა, რომ ახლო მომავალში აქაურ ინფრასტრუქტურას დაშლა ემუქრება, თუ პირველ რიგში არ შესრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. ჩვენ სწორედ ამით ვიწყებთ. ჩვენი ხედვა ანაკლიის ზღვისპირა ზოლის ათვისების მიმართულებით ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს, როდესაც თანამიმდევრულად უნდა შესრულდეს ჯერ ნაპირსამაგრი სამუშაოები, შემდეგ კი დაიგეგმოს და მოეწყოს ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის ათვისება და განვითარება აფხაზეთთან ახლოს ხდება. ამ ადგილების განაშენიანება, საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ინფრასტრუქტურა და, ზოგადად, პროგრესი არ შეიძლება საინტერესო არ იყოს ჩვენი აფხაზი ძმებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების მოზიდვის მიზნით, საპარტნიორო ფონდი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო კომპანიასა და ასევე საკონსულტაციო კომპანიებთან.

"წინასწარი შეფასებით, ანაკლიის პორტში უნდა განვითარდეს ლოგისტიკური და ინდუსტრიული ზონები; უნდა აშენდეს საერთაშორისო აეროპორტი; უნდა გაკეთდეს თხევადი გაზის ტერმინალი. ანაკლიაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება წყალდიდობის პრობლემა; გადაწყდება სასმელი წყლის მიწოდების საკითხიც, ფოთი-ანაკლიის წყალმომარაგების დიდი პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტით დაინტერესებულია ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი - „კონტი ჯგუფი". ამერიკაში ვიზიტის დროს, მე შევხვდი კონტი ჯგუფის პრეზიდენტს კურტ კონტის. მათ შემუშავებული აქვთ ანაკლიის პორტის განვითარების სამფაზიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წლიურად 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვას. სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების გაჩენას. პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მთელ ქვეყანას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. საქართველო ახორციელებს ახალ პოლიტიკას გამყოფი/სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. ეს პოლიტიკა სრულიად განსხვავებულია ძველი პოლიტიკისაგან. ჩვენი პრიორიტეტია და მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიზრუნოთ ენგურს გაღმა მცხოვრებ მოსახლეობაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ხურჩის გზა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. დღეს გავხსენით 4-კილომეტრიანი გზა, რომლითაც ენგურს გაღმა მცხოვრებ მოქალაქეებს საგრძნობად გაუადვილდებათ გადაადგილება. გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდა 3000-ზე მეტ ადამიანს", - ამბობს საქართველოს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციითვე, ინფრასტრუქტურული პროექტები 2013 წელს სამეგრელოს რეგიონში დაფინანსდა 157 464 071 ლარით.

"ამაში შედის გზების მშენებლობის დაფინანსება, ხიდების მშენებლობა, წყალსადენის, საკანალიზაციო არხებისა და წყალსაწრეტების მოწყობა, ნაპირსამაგრი სამუშაოების მშენებლობა, საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული შენობების, ჯანდაცვის და კულტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის სამუშაოები, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურებისათვის ტექნიკის შეძენა, სკოლების, ბაღებისა და რესურსცენტრების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, სპორტული მოედნებისა და სპორტკომპლექსების მოწყობა-მშენებლობა, განათების სამუშაოები, მიმდინარეობს პატარა ფოთის 1 და მე-2 სატუმბი სადგურების აღდგენა-რეაბილიტაცია", - თქვა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს აღადგინოს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და სრული რესტავრაცია ჩაუტაროს დადიანის სასახლეს.

"ამ ქალაქმა უნდა დაიბრუნოს თავისი სახე, თავისი ღირსშესანიშნაობებით და თავისი განსაკუთრებული ხიბლით. ზუგდიდი სამეგრელოს გულია და დიდი შეცდომა იყო, რომ ამ ქალაქს აქამდე არ ჰქონდა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს შეცდომა გამოასწორა და დღეს ზუგდიდს სრულიად დამსახურებულად მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. უკვე ამ ზაფხულს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება თავად აირჩიონ ქალაქის მერი, განსაზღვრონ საკუთარი ბედი და თავად გადაწყვიტონ, ვინ უნდა უპატრონოს ქალაქს. ამ არჩევნების შედეგად ქალაქი შეიძენს სულ სხვა ფუნქციას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლა აქციების ფონზე წარიმართა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა სამეგრელოში პრემიერის ჩასვლა გააპროტესტეს და შალვა თათუხაშვილისა და ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეების გამოიძიება მოითხოვეს. იმავე ტერიტორიაზე კონტრაქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ნაციონალურის მოძრაობის წარმომადგენლებს მორალური უფლება არ აქვთ, გამოძიების ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ.

აქციებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. 

კომენტარები