პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში

მარგველაშვილი: საქართველოს პოლონეთის სახით მტკიცე მეგობარი ჰყავს

0 კომენტარი
ფოტო: president.gov.ge

„ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ ვარ პრეზიდენტ კომაროვსკის, პოლონელი ხალხის ლიდერის სტუმარი“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში, თავის კოლეგა ბრონისლავ კომაროვსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

პრეზიდენტის პრესსამსახური მარგველაშვილის განცხადების  ტექსტს ავრცელებს. როგორც  პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული დელეგაცია პოლონეთში იმისთვის ჩავიდა, რომ პოლონელ ხალხს წლების განმავლობაში მუდმივი, სტაბილური, მტკიცე, პრინციპული და კეთილგანწყობილი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადოს.

„ისწრაფვის რა ევროპისკენ, საქართველომ იცის, რომ მას ჰყავს ძალიან მტკიცე მეგობარი, რომელსაც შეუძლია  რთულ ვითარებასა თუ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეყრდნოს.

შეხვედრისას ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ განსაკუთრებულად წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი მისწრაფება ევროპისკენ მტკიცეა, ისევე, როგორც მტკიცეა ჩვენი მისწრაფება ნატოსკენ და მტკიცენი ვართ ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისითაც, ყოველივე ეს კი არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.  

მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო თქვენს დიდებულ ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი, ასევე ევროკავშირში გაწევრების მე-10  და ნატოს წევრობის მე-15 წლისთავი. ჩვენც იგივე მიზანი გვამოძრავებს და მთელი ამ წლების განმავლობაში პოლონელი ხალხი არა მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერით თვალსაზრისით, არამედ გამოცდილების გაზიარების მხრივაც გვეხმარებოდა.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიმართულებით კვლავ გრძელდება, რაც ადგილობრივი მმართველობის კანონმდებლობაზე კარგად აისახა  და  მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე განხორციელდება“,-განაცხდა მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო მზადაა, პოლონეთთან ეკონომიკური ურთიერთობა გააღრმავოს.

„ჩვენ საქართველოსა და პოლონეთს შორის ბიზნესისა და ფინანსური თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ამ შესანიშნავი დღისათვის, არაჩვეულებრივი ემოციებისა და საუცხოო ვიზიტისთვის. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ პოლონური გუნდის მიერ შესრულებული  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული და დახვეწილი იყო, რაც კი აქამდე მომისმენია.

ჩვენთვის უზომოდ სასიამოვნოა აქ ყოფნა და მოუთმენლად ველით არსებული ურთიერთობის განმტკიცებას, თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ერთობლივ, ეფექტიან  მუშაობასა და წინსვლას დასახული მიზნისკენ - ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის პრესსამსახური ბრონისლავ კომაროვსკის განცხადების თარგმანსაც ავრცელებს.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის  მოხარულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირველი ევროპული ვიზიტით სწორედ პოლონეთში იმყოფება. მისივე თქმით, ეს გამოხატავს პოლონეთთან თანამშრომლობის სურვილს და იმას, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იაროს გზით, რომელიც  დასავლურ სისტემასთან, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ პროექტებთან მიიყვანს.

„საქართველოს მისწრაფებებს - მონაწილეობა მიიღოს როგორც ევროპულ, ისე ნატოს პროექტებში, პოლონეთი მუდმივად უჭერს მხარს. ბატონ პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით მხარდაჭერას კვლავაც განვაგრძობთ.

დღეს საქართველოს ყველაზე დიდი მიზანი, რომელსაც პოლონეთი მხარს უჭერს, არის ამბიცია, უმოკლეს დროში  ასოცირების ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ ხელშეკრულების ხელმოწერა უკრაინის კრიზისისა და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.  

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი თვალსაზრისი აბსოლუტურად ემთხვევა და გვჯერა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დასავლეთის მხრივ საუკეთესო რეაგირებაა რუსეთ-უკრაინას შორის შექმნილ ვითარებაზე. უკრაინაც ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის კანდიდატია. ეს  დასავლეთისა და პოლონეთის მტკიცე გადაწყვეტილებას გამოხატავს.  ამას გარდა, ჩვენ შევთანხმდით, რომ  მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ“,-განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. 

პოლონეთის რესპუბლიკა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები