შალვა თათუხაშვილის საქმე

თათუხაშვილის საქმეზე კომისიის შექმნას უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა

ზაქარია ქუცნაშვილის Facebook-ის გვერდი

შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულ საქმეზე სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით ნაციონალური მოძრაობა გამოვიდა.

უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ  უმცირესობას საქმის შინაარსი არ აინტერესებს და ისინი უმრავლესობის წევრების დაშანტაჟებით არიან დაინტერესებული.

"ნაციონალური მოძრაობის პოზიციამ ნათელი მოფინა მათ განზრახვას, რომ უმცირესობას საქმის შინაარსი არ აინტერესებს. მე როცა შევთავაზე მათ, რომ თუნდაც ორი კვირით გადადებულიყო კომისიის შექმნის საკითხი და დავლოდებოდით გამოძიების შედეგებს, უმცირესობამ კომისიის შექმნა მოითხოვა. ამით ნათელი გახდა, რომ ისინი უმრავლესობის წევრების დაშანტაჟებით არიან დაინტერესებული. მე, როგორც პარლამენტის წევრს, მაინტერესებს, რომ არავინ ჩვენს სამშობლოში ძალადობის მსხვერპლი არ გახდეს“,-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

აღნიშნულ საკითხს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტი პროკურატურის მხრიდან იმართება.

„ნათლად დაადასტურა პარლამენტმაც, რომ ის  უფლებამოსილი არ არის, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს  და  პროკურატურის ორგანოებისგან იმართება. იმიტომ რომ, პროკურატურის ბრიფინგის თემები და საკითხები ქალბატონმა ეკა ბესელიამ, რომელიც ბოლო დროს  პროკურატურის მთვარი დამცველი გახდა, პრაქტიკულად   პარლამენტის სხდომაზე გააჟღერა. ნათლად დაადასტურა, რომ პარლამენტი დღეს პროკურატურის მხრიდან იმართება“,-აცხადებს დეპუტატი.

ცნობისთვის, დღეს  მთავარი პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებულ გარემოებები გაასაჯაროვა. უწყებაში განაცხადეს, რომ თათუხაშვილს ახალაიების ოჯახის მხრიდან ანგარიშსწორების ეშინოდა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ხსენებულ საქმეზე ბოლო პერიოდში უწყების მისამართით  ბრალდებული ახალაიების ოჯახის წევრებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან მედიასაშუალებებში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება.

ცნობისთვის, დათა ახალაიას საქმის მოწმე შალვა თათუხაშვილი გასულ კვირას გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და ადვოკატები მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას და პროკურატურას აკისრებენ. მათი მტკიცებით, თათუხაშვილი პროკურატურის თანამშრომლებმა რამდენჯერმე გაიტაცეს და იძულებითი ჩვენება მიაცემინეს.

გასულ კვირას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტოსურათები გაავრცელა, რომელზეც დაზიანებებია ასახული.

კომენტარები