შალვა თათუხაშვილის საქმე

თათუხაშვილის საქმეზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სხდომას გამართავს

შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საგანგებო სხდომას გამართავს, რომელსაც მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დაესწრება. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურასთან შეთანხმებით, სხდომაზე ვიდეომასალასაც აჩვენებენ.

"იმის დემონსტრირებისთვის, რომ მაქსიმალური საჯაროობა იქნას დაშვებული და იმის საჩვენებლად, რომ პროკურატურა არ არის ინსტიტუტი, რომელიც არ გრძნობს პასუხისმგებლობას, გაიმართება კომიტეტის სხდომა. ბუნებრივია, პარლამენტს აქვს თავისი ფუნქცია, განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი ამ საქმესთან დაკავშირებით. კომიტეტის სხდომაზე მოწვეულები არიან პროკურატურის წარმომადგენლები და მოხდება საქმის მოსმენა. კომიტეტი აპირებს იმ ვიდეომასალის ჩვენებასაც, რომელიც შეიძლება გასაჯაროვდეს და რომელზეც ასახულია მნიშვნელოვანი ფაქტები. ეს იქნება პასუხი იმ ბრალდებებზე, რომელიც ისმოდა მთელი ამ დღეების განმავლობაში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, გუშინ მთავარმა პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებული გარემოებები გაასაჯაროვა. უწყებაში განაცხადეს, რომ თათუხაშვილს ახალაიების ოჯახის მხრიდან ანგარიშსწორების ეშინოდა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ხსენებულ საქმეზე ბოლო პერიოდში უწყების მისამართით ბრალდებული ახალაიების ოჯახის წევრებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან მედიასაშუალებებში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება.

კომენტარები