ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

არასამთავრობოები: ენმ-ის წევრების დაკითხვა საარჩევნო გარემოზე გავლენას ახდენს

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია თვითმმართველობის არჩევნების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების, მათ შორის, ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებებს მიიჩნევს. განცხადებაში, რომელსაც ხელს საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აწერს, აღნიშნულია, რომ ბოლო ხანებში ქვეყნის მასშტაბით გახშირდა იმ ადამიანების საგამოძიებო სტრუქტურებში დაბარება (დაკითხვა ან ბრალის წაყენება), რომლებიც აქტიურ პარტიულ საქმიანობას ეწევიან. მათი შეფასებით, ეს ფაქტი გავლენას ახდენს სამართლიან საარჩევნო გარემოზე.

ორგანიზაციების განცხადებით, ამ საკითხზე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდებში უწყებათაშორისმა კომისიამ რამდენიმე რეკომენდაცია გამოაქვეყნა და საგამოძიებო სტრუქტურებს წინასაარჩევნოდ ასეთი ქმედებებისგან, თუ ეს გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, თავის შეკავებისკენ მოუწოდა. არასამთავრობოების აზრით, ახლაც მნიშვნელოვანია მსგავსი სტანდარტის დაწესება და შესაბამისი რეკომენდაციის გაწევა.

ამასთან, ორგანიზაციები პრობლემად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ უწყებათაშორის კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუწყია. მათი განცხადებით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებით განისაზღვრა, რომ უწყებათშორისი კომისია უნდა შექმნილიყო ცვლილებების ამოქმედებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ ცვლილებების ამოქმედება გამოქვეყნების მომენტიდან განისაზღვრა, კანონი კი 14 მარტს გამოქვეყნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ უწყებათაშორის კომისიას მუშაობა უკვე უნდა დაეწყო.

ორგანიზაციების შეფასებით, უწყებათაშორისი კომისია გასულ წლებში მნიშვნელოვანი პრევენციული ფუნქციის მატარებელი იყო.

"მიგვაჩნია, რომ კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა და უზრუნველყოს მისთვის კანონით მინიჭებული ფუნქციის შესრულება", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება.

ამასთან, საგამოძიებო უწყებებში დაკითხვაზე იბარებენ თბილისის მერიის თანამშრომლებს და სხვადასხვა რაიონის გამგებლებს. რამდენიმე რაიონის გამგებელი კი დააკავეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე, ბრალი წაუყენეს ადვოკატ გიორგი ონიანს, რომელიც ვაზისუბნის ოლქში იყრის კენჭს.

სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს. ასევე, წელიწადზე მეტია პატიმრობაშია შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. ის სასამართლომ რამდენიმე საქმეზე გაამართლა, ციხის ბუნტის საქმეზე კი, პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. ახალაიას მიმართ კიდევ რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები