შალვა თათუხაშვილის საქმე

თაქთაქიშვილი: ეკა ბესელია არის პროკურატურის რუპორი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ეკა ბესელიას "პროკურატურის რუპორს" უწოდებს, რომელიც პირდაპირ ასრულებს მის მითითებებს თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით. თაქთაქიშვილის თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა დამატებით კითხვებს ბადებს.

”ის ინფორმაცია, რაც პროკურატურამ გამოაქვეყნა, სიახლე არაფერია. გავრცელებული მასალიდან ჩანს, რომ თურმე წამებულმა მოწმემ, რომელსაც სწორედ პროკურორები აწამებდნენ, მათ სთხოვა დაცვის პროგრამაში ჩართვა და მერე რატომღაც ამ დაცვისგან გაქცევა გადაწყვიტა და ტყეში იმალებოდა. აშკარა არის, რომ ეკა ბესელია არის პროკურატურის რუპორი, მან პლენარულ სხდომაზე დააანონსა, რომ ის პირდაპირ ხაზზეა პროკურატურასთან. შესაბამისად, ის ამ კინოს ჩვენებით, რომელსაც კომიტეტის სხდომაზე გეგმავს, შეეცდება, კიდევ ერთხელ გაამყაროს ეს პოზიცია. გასაგებია ბესელიას პოლიტიკური მოტივაცია, რადგან ქართული ოცნების წევრებმა თვითონ თქვეს, რომ თათუხაშვილის საქმე გახდა მეორე გირგვლიანის საქმე და საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რა პროტესტი მოჰყვა გირგვლიანის გარდაცვალებას", - თქვა თაქთაქიშვილმა.

შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართება.

გუშინ პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებულ გარემოებები გაასაჯაროვა. თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით კი, პროკურატურამ თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე საზოგადოებას ტყუილ-მართლის მონტაჟი შესთავაზა და ფაქტები თავის სასარგებლოდ წარმოაჩინა.

შალვა თათუხაშვილი პროკურატურის მოწმე იყო დათა ახალაიას, კერძოდ, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 24 მარტს გავრცელდა.

კომენტარები