NBA 2014 წლის სეზონი

ფაჩულიამ მაიამი ჰიტის წინააღმდეგ სარეკორდო 16 მოხსნა მოაგროვა

Nba.com

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წარუმატებლად ასპარეზობას განაგრძობს ზაზა ფაჩულიას მილუოკი ბაქსი. ვისკონსინური გუნდი გამთენიისას მაიამიში, ადგილობრივ ჰიტს დაუპირისპირდა და 77:96 დამარცხდა.

ეს მიმდინარე სეზონში ბაქსის 61-ე წაგებული შეხვედრაა, კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი კი 62 მარცხს შეადგენს. იმის შანსი, რომ წლეულს გუნდმა ანტირეკორდი დაამყაროს, საკმაოდ დიდია.

რაც შეეხება ქართველ ცენტრს, ფაჩულია მილუოკელთა რიგებში საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 25:26 წუთში სეზონში რეკორდული 16 მოხსნა, 8 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

მაიამის რიგებში საუკეთესო კალათბურთელი 17 ქულითა და 8 გადაცემით ლებრონ ჯეიმსი იყო.

შემდეგ მატჩს მილუოკი ბაქსი, თორნიკე შენგელიას ჩიკაგო ბულზთან 4 აპრილს გამართავს. 

კომენტარები