ბათუმის საზღვაო აკადემია

პრემიერი: ევროკავშირმა აღიარა ბათუმის საზღვაო აკადემიის დიპლომი

Irakli Garibashvili official/Facebook.com

„მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მოხსნა კითხვები ბათუმის საზღვაო აკადემიაში მიღებულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და აღიარა მისი დიპლომი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, საზღვაო აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ 2013 წლის ნოემბერში ევროკავშირის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და ქართველი მეზღვაურები ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დაბრუნდნენ.

"ეს არის ნამდვილად დიდი წარმატება. საბედნიეროდ, ქართველ მეზღვაურებს აღარ მოუწევთ უდიდესი რისკის ფასად საეჭვო გემებზე არალეგალურად მუშაობა“, - თქვა საქართველოს პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ “მეზღვაურის პროფესია უფრო მეტად უნდა დაფასდეს, უფრო მეტი პროფესიონალი, გამოცდილი მეზღვაური უნდა გვყავდეს და კიდევ უფრო უნდა მივუახლოვდეთ მსოფლიო სტანდარტებს".

მისივე შეფასებით, ამ სფეროს განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლასა და გაძლიერებას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მეზღვაურობა მთელ მსოფლიოში საპატიო და საამაყო პროფესიაა, ქართველი მეზღვაურები კი, პროფესიონალიზმით, საქმის სიყვარულითა და ერთგულებით გამოირჩევიან.

„ძალიან საამაყოა, რომ ეს მარტო ჩვენთან კი არა, უცხოეთშიც იციან და აფასებენ ჩვენს მეზღვაურებს“, - განაცხადა პრემიერმა და ხაზი გაუსვა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ აკადემიას მუდმივი განვითარების საშუალება ჰქონდეს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საზღვაო აკადემიაში მიღებულ კვალიფიკაციასა და მის დიპლომზე ჯერ კიდევ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იმავე შენობაში, 2012 წლის 25 ივნისს, მეზღვაურთა პროფესიულ დღეს საუბრობდა. სააკაშვილმა მაშინ თქვა, რომ საქართველო იღებს საერთაშორისო სტანდარტების მეზღვაურთა დიდ ჯგუფს.

"ეს არის ყველაფრის დასაწყისი", - განაცხადა მაშინ ყოფილმა პრეზიდენტმა და თქვა, რომ საქართველო "კორუფციის და თავმოუბმელობის გამო" შავ სიაში იყო შეყვანილი და ამის გამო, ქართველ მეზღვაურებს სამსახურიდან ითხოვდნენ. მანვე აღნიშნა, "რომ საქართველომ მკაცრად მოკიდა ხელი სტანდარტებს და ძალიან მკაცრად აკონტროლებს, რომ შეესაბამებოდეს ყველა საერთაშორისო პროცედურას. დავიცვათ ყველა საერთაშორისო ნორმა იმისთვის, რომ არასდროს არავინ ეჭვქვეშ არ დააყენოს თქვენი კვალიფიკაცია, თქვენი დიპლომი, თქვენი სერტიფიკატი".

კომენტარები