თათუხაშვილის საქმე

შოთაძე: თათუხაშვილის ოჯახის მიერ უნდობლობის გამოცხადება ადვოკატის გავლენაა

მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე შალვა თათუხაშვილის ოჯახის მიერ გამოძიებისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზად ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის გავლენას მიიჩნევს. ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, რომელიც თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაიმართა.

"გამოძიება შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების დღიდან არ შეჩერებულა. ასევე, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების დღიდან გვაქვს მცდელობები, დავიბაროთ ოჯახის წევრები და დავკითხოთ, თუმცა ოჯახის წევრები უნდობლობას უცხადებენ გამოძიებას და არ ცხადდებიან გამოძიებაში. ამაში მე ვხედავ ზეგავლენას იმ ადამიანის, რომელიც პარალელურად არის დათა ახალაიას დამცველიც და, რომლის ინტერესებშიც შედის, ეჭვქვეშ დადგეს შალვა თათუხაშვილის ჩვენება", - თქვა შოთაძემ.

შალვა თათუხაშვილის ოჯახი უცხოელი ექსპერტების ჩართვამდე გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ შალვა თათუხაშვილის საქმის დეტალები მედიის შემდეგ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ დეპუტატებს წარუდგინა. პროკურორის მოადგილეს შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული კითხვებისთვის უნდა ეპასუხა. შეხვედრა დეპუტატებთან ხმაურის ფონზე წარიმართა. დაისვა რამდენიმე კითხვა, მაგრამ უმრავლესობის წევრთა ინიციატივით კამათის გამო სხდომა ნაადრევად დასრულდა.

კომენტარები