მედია და რელიგია

საპატრიარქო - ჟურნალისტებს: არ დასვათ კითხვები, რომლებიც არ უნდა დასვათ

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ფორუმი - "მედია და რელიგია" გაიმართა, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა მედიას მოუწოდა გამოყონ რელიგიის ჟურნალისტები, რომლებიც კვალიფიციურად გააშუქებენ საკითხს. საპატრიარქოს განცხადებით, ისინი თავადაც მუშაობენ კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და აპირებენ კვალიფიციური სასულიერო პირების გამოყოფას, რომლებიც პასუხს გასცემენ მედიის კითხვებს.

"შეიქმნას ისეთი მიმართულება მედიასაშუალებებში, რომლებიც უშუალოდ რელიგიურ თემებზე იმუშავებენ და მათი პროფესიონალიზმი ამაღლდება. ხშირად არის შემთხვევები, როცა მთხოვენ ალბათობის თეორიაც კი ავუხსნა ჟურნალისტს, რაც მე არანაირად არ მეხება. სასულიერო პირს ისეთ რაღაცებს ეკითხებიან და ისეთ რაღაცაზე სთხოვენ პასუხს, რაც მან შეიძლება არ იცოდეს. ხანდახან ისეთ სიჯიუტეს ვაწყდები ჟურნალისტის მხრიდან, არ მგონია, რომ ჟურნალისტია, მგონია, რომ პროკურატურის თანამშრომელი მელაპარაკება. სასურველი იქნებოდა, ერთმა ან ორმა ჟურნალისტმა იმუშაოს უშუალოდ რელიგიურ თემებზე, საკუთარ თავზე იმუშაოს, ამაღლდეს ისე, რომ სასულიერო პირთან კონფლიქტში არ შევიდეს. ისეთი კითხვები არ დაუსვას სასულიერო პირს, რომელიც არ უნდა დაუსვას და არ შეიძლება ამ კითხვების დასმა.

რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა შევეცადოთ ეკლესიაში, რომ ისეთი კომპეტენციის სასულიერო პირები გვყავდნენ, რომ მარტო ისინი გასცემენ ამა თუ იმ კითხვას პასუხს და არა სხვა ნებისმიერი. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებებზე საპატრიარქოში. იქნება ისეთი საკონტაქტო პირი საპატრიარქოში, რომლისგანაც თქვენ უნდა დაუკავშირდეთ და უშუალოდ მისგან აიღებთ ინფორმაციას. ყველასგან არ შეიძლება ინფორმაციის აღება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან ხშირად ერთი სასულიერო პირი ისეთ რაღაცას იტყვის, რომელიც არ არის საპატრიარქოსთან შეჯერებული. ეს არაფრით არ შეიძლება, ეკლესიის აზრად წარმოვადგინოთ. თქვენ უნდა იცოდეთ, მედიის წარმომადგენლებმა, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობა ეკისრება სამ სუბიექტს, ესენია - პატრიარქი, ქორეპისკოპოსი და მდივანი. მხოლოდ მათ შეუძლიათ ეკლესიის პოზიცია გამოხატონ", - განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

მართლმადიდებელმა მღვდელმა ლევან მათეშვილმა ყურადღება ქართული მედიის დანაშაულზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ის ხელს საზოგადოებაში ფობიების ჩამოყალიბებას უწყობს, ამისთვის კი ჟურნალისტის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მისივე თქმით, ჟურნალისტების ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ კონკრეტული ადამიანის შეცდომაზე პასუხს ინსტიტუტს სთხოვენ.

ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის განცხადებით, შეხვედრას, რომელიც მედიაპრობლემატიკას ეხებოდა, კონკრეტიკა აკლდა და ჯოხი ჟურნალისტთა არაკვალიფიციურობაზე გადატყდა. საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის განცხადებით, ის არ ეთანხმება აზრს, რომ სიძულვილის გავრცელებაში მხოლოდ მედიაა დამნაშავე. თუმცა ეპისკოპოსმა მედიის მიმართ პრეტენზიებიც გამოხატა, მისი თქმით, ჟურნალისტები არ ინტერესდებიან რელიგიურ ჯგუფებში არსებული პოზიტიური სიახლეებით და მხოლოდ უარყოფითს აშუქებენ. ფორუმზე კონკრეტული მაგალითების არარსებობის პრობლემაზე ისაუბრა ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმაც. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები.

 

კომენტარები