შალვა თათუხაშვილის საქმე

კობახიძე: იქნებ სწორედ ახალაიას არ აწყობდა შალვა თათუხაშვილი ცოცხალი?

news.ge

"იქნებ სწორედ ახალაიას არ აწყობდა შალვა თათუხაშვილი ცოცხალი, რადგან მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება?" - განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, ამიტომ, წინასწარ ვერაფერს იტყვის, რომ ვინმეს რამე არ დაბრალდეს. კობახიძის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობა აღნიშნული საქმით მანიპულირებს.

“საბოლოო პასუხი გაეცემა ყველა კითხვას, როცა გამოძიება დასრულდება და დაიდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. შუალედურ ეტაპზე, ცხადია, ყველაფერზე პასუხი ვერ იქნება. ძიების პროცესი ნიშნავს იმას, რომ კიდევ იქნება საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელი, რათა ყველა ეჭვი გამოირიცხოს და ყველაფერს გაეცეს პასუხი. ნაციონალური მოძრაობა ამ საქმის პოლიტიზებას ახდენს, დესტრუქცია შემოაქვს. მათი განწყობა ისეთია, რომ ფირების ყურება, ბოლომდე მოსმენა არ უნდათ. წინასწარი განწყობები აქვთ შექმნილი, რაც არასწორად მიმაჩნია. ისინი საქმის ვითარებით აშკარად არ არიან დაინტერესებულნი. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც არ არის სწორი, რადგან გამოძიებას საგამოძიებო ორგანო ატარებს, ექსპერტიზაც საგამოძიებო ორგანომ უნდა ჩაატაროს, დაკითხვები გამომძიებლებმა უნდა აწარმოონ. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა გასული, ამიტომ ასეთ საქმეზე პარლამენტი საგამოძიებო კომისიას არასდროს ქმნის. მე კი, ასეთი კითხვა მაქვს - იქნებ სწორედ ახალაიას არ აწყობდა ეს მოწმე ცოცხალი?! წავიდეს მაშინ გამოძიება ამ ვერსიით”, - განაცხადა კობახიძემ.

შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საგანგებო სხდომა გამართა, რომელსაც მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე დაესწრო. პროკურორის მოადგილეს შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული კითხვებისთვის უნდა ეპასუხა. შეხვედრა დეპუტატებთან ხმაურის ფონზე წარიმართა. დაისვა რამდენიმე კითხვა, მაგრამ უმრავლესობის წევრთა ინიციატივით, კამათის გამო, სხდომა ნაადრევად დასრულდა.

ცნობისთვის, გუშინ მთავარმა პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებული გარემოებები გაასაჯაროვა. უწყებაში განაცხადეს, რომ თათუხაშვილს ახალაიების ოჯახის მხრიდან ანგარიშსწორების ეშინოდა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ხსენებულ საქმეზე ბოლო პერიოდში უწყების მისამართით ბრალდებული ახალაიების ოჯახის წევრებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან მედიასაშუალებებში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება.

ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა. საპარლამენტო უმრავლესობამ კი, კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები