შალვა თათუხაშვილის საქმე

ჯაფარიძე თათუხაშვილის საქმეზე: აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

საპარლამენტო უმცირესობა შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ ითხოვს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პროკურატურა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იტყუებიან, რადგან ვიდეომასალა, რომელიც პროკურატურამ დღეს სხდომაზე აჩვენა, საქმესთან კავშირში არ არის.

„პროკურატურა ეუბნება საზოგადოებას, რომ თათუხაშვილი თავისი ნებით მივიდა პროკურატურაში, მისცა მათ სასურველი ჩვენება და ამის შემდეგ დაცვა მოითხოვა, რადგან შესაძლებელი იყო მასზე ზეწოლა განხორციელებულიყო. პროკურატურის ვერსიით, თათუხაშვილი დაცვამ საკუთარ სახლში მიიყვანა მისივე თხოვნით და მან რკინის გისოსებიდან გაქცევა მოახერხა. ის რამდენიმე დღე იყო ტყეში, საიდანაც გამოვიდა დაბანილი, დასუფთავებული და დადიოდა გასართობ დაწესებულებებში, სადაც ის მთვრალი დებოშს აწყობდა. შემდეგ აკავებენ და მიჰყავთ დაკითხვაზე. უმრავლესობამ დღეს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ დაგვესვა კითხვები. აჩვენეს ფირები, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის. მთავარი პროკურორი კი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საპარალამენტო უმცირესობას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები