საგარეო საქმეთა სამინისტრო

MFA: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა არის ორმხრივი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თამარ ბერუჩაშვილი, ვაიმარის სამკუთხედის განცხადებას გამოეხმაურა. თამარ ბერუჩაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება ყველანაირ დიალოგს, თუმცა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მესამე მხარე, ვერ ჩაერევა.

"რასაკვირველია, მივესალმებით ნებისმიერ დიალოგს ამ ფარგლებში, მაგრამ მკაფიოდ აღნიშნა უკვე საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეს არის საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არის ჩვენ ორ, პარტნიორ ქვეყნებს და ევროკავშირს შორის ურთიერთობა და არანაირ მესამე მხარეს არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია ამ საკითხთან დაკავშირებით. რუსეთთან დიალოგი არ ნიშნავს რუსეთის არანაირი გადაწყვეტილების უფლება არ აქვს ამ პროცესში. ევროკავშირი მიესალმება, ზოგადად დიალოგის გაფართოებას რეგიონში და შესაბამისად, დიალოგს მიესალმება ქართული მხარეც. მაგრამ, ის რაც ჩვენ ურთიერთობებში დაგეგმილია, ეს განხორციელდება ისე, როგორც დაგეგმილია ისე როგორც იყო გადაწყვეტილი ამ დროის განმავლობაში.", - განაცხადა ბერუჩაშვილმა. 

განცხადება გააკეთა ასევე ბორის იაშევიჩმა, საქართველოს ევროკაშირის წარმომადგენლის მოადგილემ, მისი თქმით ევროკავშირის წამომადგენლობა ორმხრივ დისკუსიებს ემხრობა.

"ჩვენი პოზიციაა, რომ ასოცირების ხელშეკრულება და ორმხრივი ხელშეკრულებები არის საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა. ასე რომ, ჩვენ უნდა შევისწავლოთ ეს შემოთავაზება. კონკრეტულად კი, ჯერჯერობით არ მინახავს არაფერი, ამ დეკლარაციის გარდა. მხოლოდ ერთხელ შევხვდით რუს ექსპერტებს ცოტა ხნის წინ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი და უნიკალური შეხვედრა იყო. ახლა უნდა დაველოდოთ თუ რას გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა ვემხრობით მხოლოდ ორმხრივ დისკუსიებს. ამ შემთხვევაში, საქართველო-ევროკავშირისას", - განაცხადა იაშევიჩმა. 

შეგახსენებთ, რომ ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ლორან ფაბიუსმა და რადოსლავ სიკორსიმ უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი ქვეყანაში სიტუაციის დეესკალაციისთვის უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის დაწყებას უჭერენ მხარს. გარდა აღნიშნული დიალოგისა, ისინი ევროკავშირსა და რუსეთს ერთობლივ მოლაპარაკებებს სთავაზობენ უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან იმ შედეგებზე, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას მოჰყვება.

კომენტარები