მსოფლიო

ყირიმი: აღდგენილი ისტორიული სამართლიანობა?

ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას რუსეთი სამი ძირითადი არგუმენტით ამართლებს. ესენია: კოსოვოს პრეცედენტი და შოტლანდიაში დაგეგმილი რეფერენდუმი; გერმანიის გაერთიანება და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. პირველი ორი არგუმენტი იმდენად უსუსურია, რომ შეუძლებელია სერიოზული დისკუსიის საგანს წარმოადგენდეს. თუმცა, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, როგორც ამას დღეს რუსეთის ხელისუფლება მოიხსენიებს, ბევრისთვის ვალიდური არგუმენტია ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ 1954 წელს ყირიმის უკრაინისთვის საჩუქრად გადაცემის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძული ჯერ საბჭოთა უკრაინის, 1991 წლის შემდეგ კი უკვე დამოუკიდებელი უკრაინის ავტონომიურ რესპუბლიკას წარმოადგენდა.

თუმცა, ყირიმის ისტორია ბევრად უფრო ჩახლართულია და მცდარი იქნებოდა თუ არგუმენტად მხოლოდ ხრუშჩოვის გადაწყვეტილებას გამოვიყენებდით.

უნდა აღინიშნოს, რომ ნახევარკუნძულს სანამ ყირიმი ეწოდებოდა, ბერძნებისა და რომაელების დროს მას „ტავრიკად“ მოიხსენიებდნენ და იგი ორივე იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ამას გარდა, რეგიონი არაერთხელ იქნა დაპყრობილი მონღოლების, ბიზანტიის იმპერიის თუ კიევის რუსეთის მიერ. მე-15 საუკუნის შუა პერიოდიდან კი ნახევარკუნძული უკვე ოსმალეთის იმპერიის პროტექტორატი გახდა და წარმოადგენდა მონებით ვაჭრობის ცენტრს ოსმალეთის იმპერიაში.

თანამედროვე სახელი „ყირიმი“ უკვე ყირიმელ თათრებს უკავშირდება. თურქული წარმოშობის ეთნიკური ჯგუფი ნახევარკუნძულზე ოსმალეთის იმპერიის დროს დასახლდა და სახელი „ქირიმ“ სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს. რუსეთი ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ შეეცადა სახელის შეცვლას და „ტავრიკა“-ს აღდგენას, თუმცა „ყირიმი“ მაინც გამოიყენებოდა არაოფიციალურად და, საბოლოოდ, 1917 წლის შემდეგ, ოფიციალურადაც სწორედ ამ სახელით მოიხსენიება.

ყირიმის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი ალბათ მაინც 1853 წლის ყირიმის ომი იყო. სამწლიანი სისხლიანი ბრძოლა, სადაც რუსეთს ოსმალეთის იმპერიის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და სარდინიის ალიანსთან მოუხდა დაპირისპირება, ნახევარკუნძულისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ყირიმის ომი რუსეთის მარცხითა და 1956 წლის პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა. შეთანხმების თანახმად, შავი ზღვა ნეიტრალურ ზღვად გამოცხადდა, სადაც რუსული ფლოტის არსებობა მინიმუმამდე უნდა ყოფილიყო დასული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ყირიმის ომი წააგო, ნახევარკუნძული მაინც რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, მცირე ხნით, ყირიმმა დამოუკიდებლობის მოპოვებაც კი შეძლო, თუმცა სხვა დანარჩენი ახალშობილი რესპუბლიკების მსგავსად, 1921 წელს ნახევარკუნძული ყირიმის ავტონომიური სსრ სტატუსით საბჭოთა კავშირს შეუერთდა. ასეც გაგრძელდა 1945 წლამდე, როცა ყირიმი უკვე რუსეთის ადმინისტრაციის ერთეულად გადაიქცა.

ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმა ყირიმის ნახევარკუნძულმა მეორე მსოფლიო ომის დროს და მისი დასრულების შემდეგ მიიღო. თავდაპირველად ყირიმის ოკუპაცია ნაცისტურმა გერმანიამ შეძლო და შედეგად საპორტო ქალაქი სევასტოპოლი თითქმის მთლიანად განადგურდა. თუმცა საბოლოოდ წითელმა არმიამ ყირიმზე კონტროლი 1944 წელს აღადგინა და ეს მომენტი შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ტრაგიკულად ყირიმის ისტორიაში. მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ სრულად აღადგინა კონტროლი ყირიმზე, გერმანელებთან თანამშრომლობის ბრალდებით სტალინმა ყირიმელი თათრები თითქმის სრულად გადაასახლა ცენტრალურ აზიაში. მათ შორის ნახევარი გზაში დაიღუპა და მათ, ვინც ცენტრალურ აზიამდე მიაღწიეს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე არ მიეცათ უკან დაბრუნების საშუალება. სწორედ ამ მიზეზით, რომ რუსეთმა ფაქტობრივად გაწმინდა ნახევარკუნძული სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან, ყირიმი ლოგიკურად ეთნიკურად რუსებით დასახლებულ რეგიონად გადაიქცა. თუმცა 1954 წელს, ყველასთვის მოულოდნელად, ხრუშჩოვმა ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინას გადასცა. რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, სხვადასხვანაირად შეიძლება აიხსნას.

ჯოშუა ქითინგი თავის სტატიაში „ხრუშჩოვის საჩუქარი“, საუბრობს რამდენიმე მიზეზზე, რაც გახდა საფუძველი ხრუშჩოვის თითქოსდა უცნაური გადაწყვეტილების. მიზეზებს კი ნაკლებად აქვს საერთო გულკეთილობასთან. ერთი ვერსიით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი იყო ყირიმის დემოგრაფიული მდგომარეობა. მას შემდეგ რაც 300 ათასი ყირიმელი იქნა გადასახლებული აზიაში, ისედაც ომის შემდგომ განადგურებულ ყირიმში ვითარება იმაზე რთული იყო, ვიდრე სხვა დანარჩენ რეგიონებში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო სოფლის მეურნეობის კუთხით, სადაც გამოსწორების პერსპექტივაც არ ჩანდა მასობრივი გადასახლებების გამო. ყირიმელი თათრები, სომხები, ბულგარელები და ჩეხები სტალინმა ომის დასრულებისთანავე გადაასახლა. ნახევარკუნძულის დატოვება მოუწია 50 ათას გერმანელსაც, რომლებიც იქ ეკატერინე მეორის დროიდან ცხოვრობდნენ. შესაბამისად, ყირიმის ნახევარკუნძულის პრაქტიკული დეპოპულაცია მოხდა და დარჩენილი მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე იმყოფებოდა. ოფიციალური სტატისტიკით, ყირიმის მოსახლეობა ომის დროს მიყენებული ზარალისა და მასობრივი გადასახლებების შემდეგ, 780 ათასიდან 500 ათასამდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ სტალინის მკაცრი პოლიტიკის გატარებაც იმ პერიოდს დაემთხვა, როცა უნდა მომხდარიყო მიწების დამუშავება შემოდგომაზე მოსავლის ასაღებად. შედეგად, ზაფხულში ყირიმის ნახევარკუნძულზე მასობრივმა შიმშილმა დაისადგურა. ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ მოჰყოლია რუსების თავდაპირველ გადმოსახლებასაც. სხვა გეოგრაფიულ ზონას შეჩვეული რუსებისთვის რთული აღმოჩნდა სტეპებთან და მთიან რეგიონთან შეგუება. მით უმეტეს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე განვითარებული მევენახეობა, მებაღეობა, თამბაქოს მოყვანა და ა.შ., სრულიად ახალი ხილი იყო ჩასახლებული რუსებისთვის. შესაბამისად, ეკონომიკური ვითარება ყირიმში არსებითად არ შეცვლილა. თუ ომამდე ხორბლის წარმოება 447. 5 ათას ჰექტარზე ხდებოდა, 1950 წელს ეს ციფრი 257.5 ათას ჰექტრამდე განახევრდა. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ასევე მებაღეობა და მევენახეობა, რომელიც ყირიმის ეკონომიკის ძირითად საყრდენს წარმოადგენდა. დიდი დანაკარგი იწვნია მეცხოველეობამაც. შინაური ცხოველების რაოდენობა 1950 წლისთვის თითქმის განახევრდა და წლების განმავლობაში ყირიმელებმა ვერ მოახერხეს ომამდე არსებული ვითარების აღდგენა.

ამ ყველაფრის ფონზე, ხრუშჩოვი მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიის გაფართოებასა და გადასახლებული მოსახლეობის უკრაინელებით ჩანაცვლების იდეას. თუმცა მას სტალინის მმართველობის პირობებში ამის განხორციელების საშუალება არ მიეცა და მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეძლო იდეის სრულყოფაში მოყვანა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს არ იყო კეთილი ჟესტი და გულუხვობის გამოხატულება უკრაინელების მიმართ. ხრუშჩოვი დაინტერესებული იყო ყირიმის ეკონომიკის გადარჩენით და უკრაინის სსრ მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება რეგიონის უკრაინასთან მიერთების თაობაზე.

ამასთან ერთად, გეოგრაფიული მიზეზების გამო, ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში არსებობა ლოგიკას ექვემდებარება. ისევე, როგორც 1954 წელს, რთული სავარაუდო იყო საბჭოთა კავშირის დასასრულის წინასწარ განჭვრეტა.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ხრუშჩოვის ე.წ. საჩუქარი სამართლებრივად გამართული იყო და საუბარი არ შეიძლება იყოს მისი გადაწყვეტილების ლეგიტიმურობაზე. მით უმეტეს, როცა 1991 წელს უკრაინამ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარა, ყირიმელი ამომრჩეველის 54%-მა სწორედ რუსეთიდან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. თუმცა, დღეს არსებულ ვითარებაში, როცა რუსეთმა ძალის გამოყენებით ყირიმში არალეგალური რეფერენდუმი ჩაატარა, განსხვავებული შედეგი დაფიქსირდა. რომ არაფერი ითქვას რეფერენდუმის კითხვებში სტატუსკვოს შენარჩუნების არჩევანის არარსებობაზე. ამ ვითარებაში, თუნდაც ისტორიის იმ მოკლე მონახაზიდან გამომდინარე, რაც ზემოთ იქნა წარმოდგენილი, ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი აბსურდი და რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის უსუსური გამართლებაა.

ყირიმის ეკონომიკური მომავალი

ყირიმის ისტორიულ-გეოგრაფიულ კონტექსტში განსახილველად ასევე მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა ტიპის ბარიერებს წააწყდება რუსეთი ნახევარკუნძულის ანექსიით. რუკაზე ერთი დახედვაც საკმარისია იმის შესამჩნევად, რომ ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთთან სახმელეთო საზღვარი არ აკავშირებს. ქერჩის ყურე კი, რომელიც ყირიმს კრასნოდარის ოლქისგან ყოფს, ასევე ვერ გამოდგება არგუმენტად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხიდით არ არის დაკავშირებული. შესაბამისად, იბადება მარტივი კითხვა – როგორ უნდა მოახდინოს რუსეთმა ყირიმელებისთვის გაზის, ელექტროენერგიის, წყლისა და სხვა რესურსების მიწოდება? შეგახსენებთ, რომ ყირიმის ტერიტორიის დიდი ნაწილი ფაქტობრივად უდაბნოა და ტენიანობაც ბუნებრივად დაბალია. ამის გამო ცენტრალური უკრაინის მიერ წყლის მიწოდების გარეშე, თითქმის 2-მილიონიანი ყირიმის არსებობა რთული წარმოსადგენია. იგივე ვითარებაა ელექტროენერგიის და გაზის მიწოდების კუთხითაც. ნახევარკუნძული თითქმის სრულად მარაგდება უკრაინიდან მიღებული ენერგიით და სხვა ალტერნატიული მიწოდების წყაროები ყირიმელებს ჯერჯერობით არ აქვთ. ამ პირობებში დიდია ალბათობა იმისა, რომ კიევი მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს და ყირიმს რესურსების მიწოდებას შეუწყვეტს. ასეთ შემთხვევაში რუსეთმა შეიძლება იგივე გააკეთოს უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა უკრაინაზე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი რაოდენობის ტრანზიტული ენერგია გადის ევროპაში – შესაბამისად, რუსეთის ეკონომიკას მსგავსი ქმედებები საკმაოდ ძვირი დაუჯდება, ისევე როგორც ზოგადად ყირიმის შენახვაც მძიმე ტვირთი იქნება კრემლისთვის. ხიდის აგება ან ახალი მილსადენების გაყვანა დროსთან და, რაც ყველაზე მთავარია, დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული, რაზეც ალბათ ნაკლებად ფიქრობდნენ ყირიმელები, როცა ე.წ. რეფერენდუმზე ხმა რუსეთთან შეერთებას მისცეს.

ყირიმთან ერთად კითხვის ნიშნის ქვეშ არის აღმოსავლეთ უკრაინის მომავალიც. როგორც მოვლენების განვითარებამ აჩვენა, ცხადი ხდება, რომ რუსეთის ამბიციები არ დამთავრდება მხოლოდ ყირიმის ანექსიით და კრემლი აუცილებლად შეეცდება მიითვისოს აღმოსავლეთი უკრაინაც. ამას, ეთნიკური და ენობრივი საფუძველის გარდა, თითქოს უკრაინაში არსებული ეკონომიკური ვითარებაც უწყობს ხელს. ბოლო პერიოდში აქტიურად ხდება იმ არგუმენტით აპელირება, რომ უკრაინის ეკონომიკის გამწევი ძალა აღმოსავლეთია და დასავლეთი რეგიონი მეტწილად ბენეფიციარობით შემოიფარგლება. უკრაინის მთავრობის ანგარიშის დანახმად, 2013 წელს აღმოსავლეთ რეგიონის, დონეცკის ოლქის წილი ქვეყნის მთლიან პროდუქტში 12,4% იყო, მაშინ როცა დასავლეთ უკრაინის ხუთი ოლქი (ტერნოპილი, ივანო-ფრანკოვსკი, ვოლინი, ლვოვი და ტრანსკარპატია) ერთობლივად მხოლოდ 12,1 პროცენტს ითვლის. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დონეცკის ოლქი ცენტრალური მთავრობის პირდაპირი ტრანსფერების 31%-ს იღებს. მხოლოდ გასულ წელს რეგიონში მოქმედ კომპანიებს მათ მიერ გადახდილი დამატებითი შემოსავლის გადასახადების 129 პროცენტი აუნაზღაურდათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინის მთავრობა წლების განმავლობაში ახდენდა რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი გაზის სუბსიდირებას. მხოლოდ 2013 წელს კიევი 1000 კუბურ მეტრ გაზში 410 აშშ დოლარს იხდიდა, რასაც შემდგომ წარმოებებს 220 და 240 დოლარად ყიდდა. იანუკოვიჩის მთავრობის დროს, 2013 წელს, დისტრიბუციამ კიევიდან აღმოსავლეთის სამ ოლქში: დონეცკში, ხარკოვსა და ლუგანსკში მთლიანი რეგიონული პროდუქტის 14 პროცენტი შეადგინა. ასევე გასულ წელს უკრაინის ცენტრალურმა მთავრობამ 6.5 მილიარდი დახარჯა რეგიონულ და ენერგოსუბსიდიებზე. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი აღნიშნული რეგიონის ანექსიასაც მოახდენს, ახალი ინვესტიციების და სუბსიდიების რაოდენობა მოსკოვისთვის კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც რუსეთის ეკონომიკა დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით ვერ გაუმკლავდება. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა უკვე ისაუბრეს ყირიმისთვის სასწრაფო 1 მილიარდი და წლის განმავლობაში კიდევ 5 მილიარდი დოლარის დახმარებაზე. თუ ამას დოტაციაზე არსებულ სხვა რეგიონებს დავუმატებთ, ცხადი გახდება, რომ რუსეთს ახალი ტერიტორიების ანექსიის ფინანსურად უზრუნველყოფის რესურსი ნაკლებად აქვს.

კარნეგის მოსკოვის ცენტრის ანალიტიკოსის, ალექსეი მალაშენკოს აზრით, რუსეთის ოფიციალური პირები შოკს მიიღებენ, როცა გააცნობიერებენ თუ რამხელა გამოწვევები ელით წინ ყირიმის ეკონომიკის აღორძინების, ფინანსების დისტრიბუციისა და ეთნიკურ ჯგუფებზე გავლენის მოპოვების პროცესში. მისი განცხადებით, დღეს არსებული ეიფორია მალე გაივლის და რუსეთი მიიღებს სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მსგავს, დოტაციაზე არსებულ ძვირად შესანახ რეგიონს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, კრემლმა ყირიმის ანექსია მაინც მოახდინა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო სამართლის არაეფექტურობას რუსეთის მსგავსი პრობლემური სახელმწიფოების ქმედებების მიმართ. ცალკე განსახილველი თემაა მოსკოვის არგუმენტები, რომელიც უკვე 2+2=5 კატეგორიას უფრო მიეკუთვნება. გერმანიის გაერთიანებით, კოსოვოს პრეცედენტითა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენით აპელირება ნათელს ხდის, რომ რუსეთს ნებისმიერი აგრესიის თავისებურად გამართლება შეუძლია. თუ ეს ნაწილობრივ გამოუვიდა 2008 წელს საქართველოსთან მიმართებით, დღეს უკვე ნათელია, რომ მოქმედების სცენარი თითქმის იდენტურია. იმდენად იდენტური, რომ მარტივი გახდა კრემლის მორიგი პოლიტიკური ნაბიჯების გამოცნობა. სანამ ყირიმიდან რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზეც გავრცელდა, აუცილებელია, რომ დასავლეთი გასცდეს შეშფოთების ტერმინოლოგიას და რეალურად დადგეს იმ პრინციპების სადარაჯოზე, რასაც უშუალოდ ეფუძნება კონცეფცია „დასავლეთი“.

კომენტარები