ევროკავშირი

ევროკავშირის ქვეყნებს შორის როუმინგის ტარიფები გაუქმდება

დღეს, 3 აპრილს, ევროპარლამენტში კენჭი ეყარა კანონს ევროკავშირის ქვეყნებს შორის როუმინგის ტარიფების გაუქმების შესახებ 2013 წლის სექტემბერში ევროკომისიის მიერ წამოყენებული ინიციატივის, დაკავშირებული კონტინენტი (Connected Continent), ფარგლებში.   

დაკავშირებული კონტინენტის ინიციატივა მიზნად ისახავს საერთო სატელეკომუნიკაციო სივრცის ჩამოყალიბებას ევროკავშირში, რათა ინტერნეტ და სატელეფონო კავშირი უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ხალხისთვის. 

სწორედ ეს არის ევროკავშირის მთავარი მიზანი, გააუქმოს ბარიერები და გაამარტივოს და გააიაფოს საკუთარი მოქალაქეების ცხოვრება. თითქმის ყველა ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება მეტწილად დამოკიდებულია სატელეფონო და ინტერნეტ კავშირზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას ვყიდულობთ, არ უნდა ვხარჯავდეთ იმაზე მეტს ვიდრე საჭიროა და უნდა შეგვეძლოს აზრის შეცვლა როცა გვინდა. ახალი რეგულაცია მისცემს საშუალებას კავშირგაბმულობის კომპანიებს რომ მომხმარებლებს უკეთესი სერვისი შესთავაზონ - განაცხადა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ნილი კროესმა. 

ევროპაში კავშირგაბმულობის გიგანტის, Orange, აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან რიშარმა 2014 წლის იანვარში განაცხადა, რომ მისი კომპანია მზად იყო ყოფილიყო პირველი ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებდა როუმინგის ტარიფის გარეშე ტელე და ინტერნეტ კომუნიკაციას ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, სადაც Orange ფუნქციონირებს. ამ ინიციატივის იმპლემენტირებას Orange 2014 წლის განამვლობაში გეგმავს და მოიცავს კომპანიისთვის ისეთ საკვანძო ბაზრებს, როგორიც არის საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია, რუმინეთი, სლოვაკეთი და ლუქსემბურგი. 

ევროპარლამენტში რეგულაციის საბოლოო რედაქციას 2014 წლის ბოლოს განიხილავენ და ძალაში 2015 წლის 25 დეკემბრიდან შევა. 

კომენტარები