გიგა ბოკერიას დაკითხვა

თარგამაძე: ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ინსტრუქციის მიხედვით მიმდინარეობს

ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ყველაფერი ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინსტრუქციის მიხედვით მიმდინარეობს - ”როდესაც ჩვენი რიტორიკა ჭარბობს და მხილება, მაშინ აყენონ რიგები პროკურატურასთან”.

”ყველას გვახსოვს, რომ დაანონსებული იყო ჯერ კიდევ პრემიერმინისტრობის რანგში ყოფნის დროს ივანიშვილისგან. ზოგადადაც შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი იმ ინსტრუქციების მიხედვით მიმდინარეობს, რაც გასცა თავიდანვე ივანიშვილმა - როდესაც ჩვენი რიტორიკა ჭარბობს და მხილება, მაშინ აყენონ რიგები პროკურატურასთან. გარდა ამისა, თვალში საცემია და მეც ვფიქრობ, რომ საზოგადოებაც ასე აფასებს - ეს არის პასუხი იმ პასუხების ნაცვლად, რომლებიც ვერ გაგვცეს გუშინ თათუხაშვილის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში. მაგრამ პასუხების გაცემა ამ პროცესის მიუხედავად მაინც მოუწევთ. მოუწევს არა მხოლოდ პროკურატურას და პარლამენტს, არამედ მთავარი დავალებების გამცემ ივანიშვილს საბოლოო ჯამში”, - თქვა თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. დაკითხვა 15:00 საათზე დაიწყო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს უკავშირდება. უწყების ცნობითვე, საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს, საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები