შალვა თათუხაშვილის საქმე

გიორგი თათუხაშვილი: ჩვენებას მაშინ მივცემთ, თუ საქმე წამებაზე აღიძვრება

for.ge

შალვა თათუხაშვილის ძმის გიორგი თათუხაშვილის განცხადებით, პროკურატურა საქმის მიჩქმალვას ცდილობს. ასე ახსნა თათუხაშვილმა ოჯახის დაკითხვაზე გამოუცხადებლობა. 

"არც კი ვიცით, რაზე გვიბარებენ ოჯახის წევრებს. ვერ გავარკვიეთ რა მუხლით, რისთვის ვიყავით დაბარებულები. ჩვენ პროკურატურას ჩვენებას მხოლოდ მაშინ მივცემთ, თუ საქმე ჩემი ძმის წამებაზე აღიძვრება“, - თქვა გიორგი თათუხაშვილმა.

მან სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს კახა კოჟორიძეს მისი ძმის გარდაცვალების საქმით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.

თათუხაშვილის თქმით, ის ყველა ინსტიტუტს მიესალმება, რომელიც საქმეში ჩაერთვება და ობიექტურად მოინდომებს საქმის გამოძიებას.

დღეს ცნობილი გახდა შალვა თათუხაშვილის საქმეზე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის შედეგები. ალექსანდრე გეჯაძის მიერ შედგენილ დასკვნაში წერია, რომ "თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების არაერთჯერადი მოქმედებით".

"მკვრივ ბლაგვ საგანს წარმოადგენს მკვრივი კონსინტენციის და ბლაგვი ზედაპირის მქონე ნებისმიერი საგანი, როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის მუშტი, ხელკეტი და სხვ" - ნათქვამია დასკვნაში.

ამასთან, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მიიღო. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი იგეგმება. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დათა ახალაიას საქმის მოწმე შალვა თათუხაშვილი 24 მარტს გარდაიცვალა. მისი ოჯახის და ადვოკატის განცხადებით, თათუხაშვილი ორჯერ გაიტაცეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა და მოახდინეს მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა იმ მიზნით, რომ გამოძიებისთვის ჩვენება მიეცა ახალაიას წინააღმდეგ. თათუხაშვილის ადვოკატმა ასევე გამოაქვეყნა ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია შ. თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები, ასევე, გვამის გარეგნული დათვალიერების ოქმი, რომელშიც იგივე დაზიანებებია აღწერილი. ოჯახისა და ადვოკატის გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ტყუილად და უწყების დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა. პროკურატურის განცხადებით, შალვა თათუხაშვილს ახალაიების ოჯახის მხრიდან ანგარიშსწორების ეშინოდა და მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა ითხოვა. თუმცა, ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით, ოქმზე, რომელიც პროკურატურამ თათუხაშვილის მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვის დასადასტურებლად გამოაქვეყნა, თავად თათუხაშვილის ხელმოწერა არ არის.

ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა. საპარლამენტო უმრავლესობამ კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები