ფინანსური მონიტორინგის სამსახური

უკანონო შემოსავლების ლეგალიზების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

პარლამენტში დღეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. 

ცვლილებების მიხედვით ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახური პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში გადადის. უმცირესობის წევრები აღნიშნულ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ამ ცვლილებით მთავრობა ბიზნესზე და მოსახლეობაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს. 

კანონში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან ეროვნულ ბანკშიც. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის, განცხადებით, ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა დაუსაბუთებელი არგუმენტებით ხდება და დაქვემდებარების შეცვლის მიზანი გაურკვეველია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ შინაარსობრივი განხილვის ნაცვლად, პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა. 

ეროვნულმა ბანკმა კანონში შესატან ცვლილებეთან დაკავშირებით რეკომენდაციები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს უკვე გადაუგზავნა. 

ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავს საერთაშორისო ორგანიზაცია Moneyval, რომელმაც საერთაშორისო მონეტარული ფონდის სტანდარტებზე დაყრდნობით 2007 და 2012 წლებში მიიღო შეფასების ანგარიში, სადაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციონირება უარყოფითად არ არის შეფასებული. 

 

კომენტარები