გიგა ბოკერიას დაკითხვა

ტერნერი: საქართველოში უნდა შეწყდეს ყოფილი ხელისუფლების დევნა

კონგრესმენი ტერნერი
Cox Media Center

დღეს, 4 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გიგა ბოკერია, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

ამერიკელმა კონგრესმენმა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, მაიკლ ტერნერნმა, ბოკერიას დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

ტერნერმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა შეეჩერებინათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივი დევნა. 

მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებების კრიმინალიზების მცდელობებით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას, დაბარება პროკურატურაში თან სდევდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაკითხვის მცდელობას. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკითხვაზე დაბარებების ტენდენცია ბადებს ეჭვებს საქართველოს ხელისუფლების მიერ სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით და ეჭვქვეშ აყენებს მის მისწრაფებას იყოს დამოუკიდებელი და გახსნილი დემოკრატიული სახელმწიფო. იმისათვის, რომ სახელმწიფო შედგეს წარმატებულ დემოკრატიად, აუცილებელია სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობა, რომელიც დაკავებულია  დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთით, სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური დევნისა და ზეწოლისათვის გამოყენების გარეშე. საქართველოს მთავრობამ ყურადღება უნდა მიმართოს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების, კანონის უზენაესობისა და ქართველი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ. ეს არის მთავარი ფაქტორები საქართველოს პროგრესისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის, მათ შორის მაპის მიღებისათვის.მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას ყურადღება მიაქციოს მომავალ განვითარებას და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივი დევნა - განაცხადა კონგრესმენმა.

 

კომენტარები