შალვა თათუხაშვილის საქმე

თათუხაშვილის გვამზე დაზიანებები ბლაგვი საგნის მოქმედებითაა გამოწვეული

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შალვა თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებითაა გამოწვეული.

გვამის უშუალოდ გამოკვლევის შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა ბევრად კატეგორიული და სრულსფასოვანი იქნებოდა - განაცხადა დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის, ვექტორი, ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ რუსთავი2-ის ეთერში, თოქშოუს, პოზიცია, 4 აპრილის გამოშვებაში. 

გეჯაძემ ექსპერტიზის დასკვნა გარდაცვლილის ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ მიწოდებულ ფოტოებსა და გარეგანი დათვალიერების ოქმზე დაყრდნობით შეადგინა. მისი თქმით, მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მან შეძლო გაერკვია სხეულის დაზიანების ტიპი, ხანდაზმულობა და დაზიანების გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, თუმცა აღნიშნა, რომ გამომწვევი მიზეზების დადგენა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციას ცდება და ეს გამოძიების პრეროგატივაა. 

გეჯაძემ წამყვანთან საუბრისას განმარტა: რა საკვირველია, ვეთანხმები პროკურატურის პოზიციას იმ ნაწილში, რომ ჩვენ გვამი არ გამოგვიკვლევია. გვამის გამოკვლევის შემთხვევაში ჩვენი დასკვნები იქნებოდა ბევრად კატეგორიული, სრულფასოვანი. რაც შეეხება ადვოკატის შეკითხვას, ძირითადი ლაიტმოტივი მდგომარეობდა იმაში, თათუხაშვილს ჰქონდა თუ არა სხეულზე დაზიანების ნიშნები. ამაზე ცალსახაა დასკვნა, რომ ჰქონდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით, ხოლო ხანდაზმულობის დიაპაზონი, რაც ჩვენს დასკვნაშია ასახული, არ არის კატეგორიული და არ არის გამორიცხული, რომ თუნდაც 2-3 დღის ყოფილიყო

დამოუკიდებელი ექსპერტი აღნიშნავს რომ სხეულზე მიყენებული დაზიანებები ვერ იქნებოდა სიკვდილის დადგომის მიზეზი, იმის დასადგენად კი, თუ რა ტიპის ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა თათუხაშვილი მის ლაბორატორიას არ გააჩნია ქიმიური კვლევისათვის აუცილებელი აღჭურვილობა. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ გვამის უშუალოდ გამოკვლევის შემთხვევაში მისი დასკვნა უფრო ზუსტი და კატეგორიული იქნებოდა. 

წამყვანის შეკითხვაზე, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა თუ არა თათუხაშვილის სხეულისთვის განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება, გეჯაძემ უპასუხა, რომ გარდაცვლილის ნათესავების მხრიდან ეგზჰუმაციაზე თანხმობის შემთხვევაში, ის აუცილებლად ჩაატარებდა განმეორებით სამედიცინო ექსპერტიზას უშუალოდ გარდაცვლილის გვამზე. 

კომენტარები