იუსტიციის სახლი

თბილისის იუსტიციის სახლმა მუშაობა განაახლა

თბილისის იუსტიციის სახლმა მუშაობა დღეიდან განაახლა. იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 09:00 საათიდან, თბილისის იუსტიციის სახლში მომხმარებელს 300-ზე მეტი სერვისის მიღების შესაძლებლობა ექნება. ამასთან, მუშაობა შეწყვიტა სამმა დროებითმა ფილიალმა, რომლებიც იუსტიციის სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო იყო გახსნილი.

"იუსტიციის სახლში სარემონტო სამუშაოები სახურავის დაზიანების შემდეგ გახდა საჭირო. შეკეთდა და გამაგრდა სახურავის კონსტრუქციის როგორც გარე, ისე შიდა მონაკვეთი. განხორციელდა სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დადუღდა ასეულობით გაუმაგრებელი წერტილი. ექსპერტების შეფასებით, იუსტიციის სახლის სახურავი სარემონტო სამუშაოების შემდეგ სრულებით უსაფრთხოა", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 3 დეკემბერს ძლიერი ქარის გამო, იუსტიციის სახლის სახურავის ნაწილი ჩამოიშალა. მას შემდეგ, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლის დარბაზი (ე.წ. წინა ხაზი), მოქალაქეთა და იქ მომუშავე თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, დახურულად გამოცხადდა.

კომენტარები