ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ

ჭიკაიძე: დესტაბილიზაციის მოსურნენი უმკაცრესად დაისჯებიან

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, ქვეყანაში არიან ჯგუფები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასამყარებლად, აურზაურის გამოწვევას შეეცდებიან. როგორც ჭიკაიძე გაზეთ პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, ოპონენტებს ექნებათ არეულობის მცდელობები, მაგრამ ეს მხოლოდ მათი სურვილია და ასეთ იდეებს განხორციელება არ უწერიათ. შს მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის მიზანი არის დესტაბილიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა. როგორც პრაიმტაიმნიუსი წერს, ჭიკაიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრები შეეცდებიან, ევროპელ პოლიტიკოსებს ცრუ ინფორმაციები მიაწოდონ და ამით გარკვეული წრეების მხარდაჭერა მოიპოვონ. მისი თქმით, მიზანი შეიძლება იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა, ხელისუფლების შეცვლა და ა.შ. 

"მეტსაც გეტყვით, მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდანის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობილიზებას მოახდენენ. მე მჯერა, ჩვენი ოპონენტები თავადვე მიხვდებიან, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას, ან ნებისმიერ ჩვენგანს რაიმე სიკეთეს მოუტანს", - აცხადებს ჭიკაიძე პრაიმტაიმთან ინტერვიუში და შესაძლო დესტაბლიზაციის აღკვეთის გზებზეც საუბრობს. მისი განმარტებით, დღეს არ არის ის უწყება, რომელიც სურვილებისა და იდეების გამო, დაჭერებს დაიწყებს.

"მათ აქვთ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციას, ხალხისა და ოპონენტების ცემას, რათა ეს ყველაფერი მერე სახელმწიფოს დააბრალონ, უმკაცრესად დაისჯებიან. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, არ დავუშვათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და აღვკვეთოთ ყოველგვარი მსგავსი ქმედება. მათ, პირველ რიგში, საზოგადოება უპასუხებთ და გაცილებით მკაცრად. საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სისხლი დაიღვარა. ეს ხალხს აღარ სჭირდება, ხალხს სჭირდება სიმშვიდე და ნორმალური განვითარება", - აცხადებს პრაიმტაიმთან ინტერვიუში ალექსანდრე ჭიკაიძე.

მისი თქმით, "არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ეს სცენარი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აამუშაონ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, გარკვეული ნიადაგი მანამდეც მოსინჯონ".

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გაზეთ პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს. პრაიმტაიმნიუსის ცნობით, ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება. ჭიკაიძის თქმით, ის, რაც უკრაინაში მოხდა, განაპირობა იმან, რომ იქ ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე. მინისტრის განცხადებით, ეს საქართველოში არ შეიმჩნევა.

მსგავს სცენარზე ასავალ-დასავალთან ინტერვიუში გასულ კვირას საუბრობდა მედიაკავშირ ობიექტივის ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი. მან გაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსალოდნელი არეულობის შესახებ ხელისუფლებას უკვე შეატყობინა.

კომენტარები