ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ

ჯაფარიძე: არანაირი მაიდნისთვის მზადება ნაციონალურ მოძრაობას არ სჭირდება

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შს მინისტრის განცხადება, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამზადებს და დესტაბილიზაციისთვის ემზადება, აბსურდი და სისულელეა. მისი შეფასებით, ჭიკაიძის პრაიმტაიმთან ინტერვიუ დაგროვილი პრობლემების გადაფარვის ძალიან იაფფასიანი მცდელობაა.

"მინიმუმ, შს მინისტრი უნდა შეამოწმონ, ხომ არ მოიხმარს მსუბუქ ნარკოტიკებს, ასეთ განცხადებებს რომ აკეთებს. ეს არის ძალიან იაფფასიანი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ გადაფაროს ის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დაგროვდა უკანასკნელ პერიოდში. როგორც ჩანს, ჰაკიმ ფაშამ გადაწყვიტა ჭიკაიძისთვის დაევალებინა ასეთი განცხადების გაკეთება. ეს არის აბსურდი და სისულელე, არანაირი მაიდნისთვის მზადება ნაციონალურ მოძრაობას არ სჭირდება. მეტიც, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ხელისუფლების შეცვლას მაიდანი და ასეთი რაღაცები არ სჭირდება, ისედაც ძალიან სწრაფი ტემპით მიემართებიან დაღმართზე", - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გაზეთ პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს. პრაიმტაიმნიუსის ცნობით, ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება. მისი თქმით, "გარკვეული ჯგუფები აპირებენ ზონდერჯგუფების ჩამოყალიბებას, რომლებმაც, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება". ასევე, "იგეგმება კარვების გაშლა, სადაც 300-400 კაცის მობილიზება მოხდება". ჭიკაიძის განცხადებით, "ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციას, ხალხისა და ოპონენტების ცემას, რათა ეს ყველაფერი მერე სახელმწიფოს დააბრალონ, უმკაცრესად დაისჯებიან".

კომენტარები