ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ

ბარამიძე: ჩვენ არასოდეს ვიბრძოლებთ ხელისუფლებისთვის შეიარაღებული მეთოდებით

pirveliradio.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამზადებს და დესტაბილიზაციას გეგმავს, არასერიოზულს უწოდებს. ბარამიძის განცხადებით, მისი გუნდი არასოდეს მიიღებს მონაწილეობას შეიარაღებულ პროცესებში ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ.

“ნათელია, რომ ძალიან არასერიოზული განცხადებაა, თუ სადმე რაიმე უკანონობა ხდება, მათ ამ უკანონობას უნდა მიხედონ და არა პოლიტიკური ოპონენტები და ჩვენი პარტიის აქტივისტები დააპატიმრონ. მე პირადად, ისევე როგორც ჩემი მეგობრები, არასოდეს მივიღებ არანაირ შეიარაღებულ პროცესებში მონაწილეობას ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ. არცერთი ხელისუფლებისთვის არ ღირს ბრძოლა შეიარაღებული და კანონსაწინააღმდეგო მეთოდებით. ამას ვამბობდით მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით და ვამბობთ დღესაც”, - თქვა გიორგი ბარამიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გაზეთ პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს. ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება. მისი თქმით, "გარკვეული ჯგუფები აპირებენ ზონდერჯგუფების ჩამოყალიბებას, რომლებმაც, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება". ასევე, "იგეგმება კარვების გაშლა, სადაც 300-400 კაცის მობილიზება მოხდება". ჭიკაიძის განცხადებით, "ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციას, ხალხისა და ოპონენტების ცემას, რათა ეს ყველაფერი მერე სახელმწიფოს დააბრალონ, უმკაცრესად დაისჯებიან".

კომენტარები