დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება

ენმ: მოქალაქეებს დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნებას სთხოვენ და ემუქრებიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ბევრ მოქალაქეს სახელმწიფო ედავება, რომ დაუბეგრავი მინიმუმი შეცდომით დაუბრუნდათ. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მათ თანხის უკან დაბრუნებას სთხოვენ და რიგ შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი ძებნის დაწყებით ემუქრებიან კიდეც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობას მიმართავს, აღკვეთოს ამ ტიპის მუქარები საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ამასთან, ჯაფარიძის შეფასებით, ხელისუფლება არის სრულიად უუნარო, რომ ეფექტურად წარმართოს ისეთი მარტივი პროცესიც კი, როგორიც არის თანხების დაბრუნება მოქალაქეებისთვის. მისივე თქმით, თუ თანხები მართლაც არასწორად ჩაირიცხა  მოქალაქეთა ანგარიშზე, ეს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაა და ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. 

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, პირველი აპრილიდან დაიწყო ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც 2013 წლის განმავლობაში მიიღეს 6 000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ხელფასის სახით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ძალიან ბევრ მოქალაქეს დღეს სახელმწიფო ედავება იმას, რომ მოხდა მათთვის ჩარიცხული თანხების შეცდომით ჩარიცხვა, მათ სთხოვენ ამ თანხების უკან დაბრუნებას და რიგ შემთხვევაში, ადგილი აქვს მუქარას, რომ მათ მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი ძებნა, თუ ისინი არ დააბრუნებენ ამ თანხებს", - აცხადებს ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს ინფორმაცია, ნამდვილად შეცდომით ჩაირიცხა თუ არა თანხა.

"ასევე, არ ვიცით, ეს სისხლის სამართლებრივი დევნის მუქარა მოდის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობისგან თუ რიგითი ჩინოვნიკების თვითშემოქმედებაა. ამის მიუხედავად, გვინდა ვუთხრათ მთავრობას, რომ თუ მართლა მოხდა თანხების შეცდომით ჩარიცხვა, ეს არ არის ამ მოქალაქეების დანაშაული, ეს არის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა პასუხისმგებელმა პირმა, მათ შორის, ხელმძღვანელობამ. ეს არის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და, შესაბამისად, უნდა დადგეს ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი და არა იმ მოქალაქეების, რომელთაც ეს თანხები ჩაერიცხათ", - განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ლიდერს სწორედ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ედება ბრალი.

კომენტარები