აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები

უსუფაშვილი: ჩვენ ვართ და ყოველთვის ვიყავით ევროპის ნაწილი

David Usupashvili Official

ლიტვაში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის მთავარი თემა უკრაინაში განვითარებული მოვლენები და ქვეყანაში შექმნილი კრიზისია. ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხები და ის გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით უკვე აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. 

კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო ალექსანდრ ტურჩინოვი, რომელმაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ლიტვაში ჩასვლა ვერ მოახერხა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრება. პრესკონფერენციის მონაწილეები რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დაუშვებლად მიიჩნევენ. 

"მე ვწუხვარ, რომ ჩვენმა უკრაინელმა კოლეგამ ვერ მოახერხა აქ ჩამოსვლა. მიზეზი ჩვენთვის კარგადაა ცნობილი. აქედან ჩვენ შეგვიძლია მკაფიო გზავნილი გადავცეთ უკრაინელ ხალხს, ჩვენ მათ ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას, მხარდაჭერას და გვსურს, რომ უკრაინა გახდეს უკეთესი და თავისუფალი. უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის ქმედებები არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა და სუვერენიტეტის დარღვევა. აშკარაა, რომ რუსეთი არ სცემს პატივს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და აგრძელებს იმ უკანონო ქმედებებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ევროკავშირის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით ცალსახაა, ჩვენი მოვალეობაა, რომ გამოვიყენოთ ყველა ტრიბუნა, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების არჩევანი არის ევროპა და მთავარია, რომ ეს გზა ქვეყანამ უმოკლეს დროში გაიაროს.

"შეკითხვა, უნდა იყოს თუ არა საქართველო ევროპის ნაწილი, არარელევანტურია. ჩვენ ვართ და ყოველთვის ვიყავით ევროპის ნაწილი. ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის და ძალიან ვაფასებთ ჩვენი ევროპელი მეგობრების და პარლამენტარების დახმარებას ამ გზაზე. მე ვფიქრობ, რომ თქვენთან ერთად, ერთ სიბრტყეში ყოფნა არის სწორედ შემადგენელი ნაწილი ასოცირების ხელშეკრულებისა. შესაძლოა, ხმის მიცემის გადაწყვეტილებების მიღების უფლების გარეშეც, მაგრამ მთავარია, ვიყოთ იმავე სივრცეში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელშეკრულებას მალე მოვაწერთ ხელს. იგივე შემიძლია ვთქვა NATO-ში ინტეგრაციაზეც, ჩვენ ველით კარგ გადაწყვეტილებებს", - თქვა დავით უსუფაშვილმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი შეხვედრა ლატვიაში გაიმართება, სადაც განიხილება ის მიღწევები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს იმ დროისათვის ექნებათ.

კომენტარები