დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება

შემოსავლების სამსახური: დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება არ მოგვითხოვია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უარყოფს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაუბეგრავი მინიმუმის თანხის შეცდომით ჩარიცხვის და მოქალაქეებისთვის მისი მოთხოვნის შესახებ.

"გავრცელებული ინფორმაცია მთავრობის მიერ შეცდომით გადარიცხული თანხის ფიზიკური პირებისგან უკან მოთხოვნაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. არც ერთი ასეთი ფაქტი არ მომხდარა და არც მომავალში მოხდება" - აცხადებს შემოსავლების სამსახური და აღნიშნავს, რომ დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად, დეკლარაცია შეავსო დაახლოებით 300 ათასმა ფიზიკურმა პირმა.

"ნაწილს უკვე დაუბრუნდა შესაბამისი თანხა, ხოლო დანარჩენს დაუბრუნდება კანონით დადგენილ ვადებში" - წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ბევრ მოქალაქეს სახელმწიფო ედავება, რომ დაუბეგრავი მინიმუმი შეცდომით დაუბრუნდათ. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მათ თანხის უკან დაბრუნებას სთხოვენ და რიგ შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი ძებნის დაწყებით ემუქრებიან კიდეც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობას მიმართავს, აღკვეთოს ამ ტიპის მუქარები საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ამასთან, ჯაფარიძის შეფასებით, ხელისუფლება არის სრულიად უუნარო, რომ ეფექტურად წარმართოს ისეთი მარტივი პროცესიც კი, როგორიც არის თანხების დაბრუნება მოქალაქეებისთვის. მისივე თქმით, თუ თანხები მართლაც არასწორად ჩაირიცხა  მოქალაქეთა ანგარიშზე, ეს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაა და ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. 

კომენტარები