უკრაინის კრიზისი

ხარკოვში სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული შენობა გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციული შენობა გაათავისუფლეს. მილიციას იარაღი არ გამოუყენებია. შენობას ავტომატებით შეუიარაღებული სპეცრაზმელები იცავენ. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 70-მდე ადამიანი, მათ შორის სეპარატისტული დაჯგუფების ლიდერიც. ამოღებულია ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელთა ნაწილი საბოტაჟს ეწეოდა და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

სპეცოპერაცია ხარკოვში მას შემდეგ ჩატარდა, რაც პრორუსულმა ძალებმა წუხელ, გვიან ღამით, რეგიონული ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. მათმა ნაწილმა შენობაში შეაღწია. დაახლოებით 10 ადამიანი დაშავდა, წუხელ, უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში მილიციას, ევროინტეგრაციის მომხრე აქტივისტებსა და პრორუსულ ძალებს შორის შეტაკების შედეგად. დაშავებულთაგან ხუთ ადამიანს ჭრილობები პნევმატური იარაღით მიაყენეს. შეტაკებამდე პრორუსმა აქტივისტებმა რეგიონული ადმინისტრაციის შენობის დაკავება სცადეს.

ქალაქ დონეცკში კი სეპარატისტებმა, რომლებიც ადმინისტრაციულ შენობაში რჩებიან, დონეცკის რესპუბლიკის შექმნის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმეს. ე. წ. დონბასის პატრიოტთა კომიტეტის განცხადებით, მოქალაქეთა პოზიციის გათვალისწინებით, რეგიონი უკრაინის შემადგენლობაში უნდა დარჩეს და მის სტატუსზე რეფერენდუმი აღარ ჩატარება. ეს გადაწყვეტილება პრორუსმა აქტივისტებმა გავლენიან ბიზნესმენ რინატ ახმეტოვთან და ვიცეპრემიერ ვიტალი იარემასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მოლაპარაკებებისას, მათ პირობა დადეს, რომ იარაღს ჩააბარებენ და შენობას გაათავისუფლებენ. დღეს უმაღლესმა რადამ სეპარატისტული მოწოდებებისთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიღო.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ უკრაინაში რეალური საკონსტიტუციო რეფორმის გარეშე უკრაინის სახელმწიფოს გრძელვადიანი სტაბილურობის გათვლა ძნელია. რუსეთის საგარეო უწყება საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ფედერალიზაციის გზით ქვეყნის ყველა რეგიონის ინტერესების დაცვას და რუსული ენის განსაკუთრებული როლის დაწესებას საჭიროდ მიიჩნევს. ოფიციალური მოსკოვი ასევე აფრთხილებს კიევს, რომ პრორუსი სეპარატისტების წინაღმდეგ ძალის გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება.

 

კომენტარები