შერჩევითი სამართალი

ალასანია: ოპოზიციის წევრებთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხები გაცემულია

irakli alasania official /facebook.com

ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ წარმოებულ სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, რუსთავი2-ის ეთერში, თოქშოუში არჩევანი ისაუბრა.

წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა დასავლეთს საბაბი შეექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველოში მიმდინარეობს ოპოზიციის სამართლებრივი დევნა, ალასანიამ თქვა, რომ დასავლეთის სიფრთხილე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოწვეულია საქართველოს სამწუხარო უახლოეს წარსულში არსებული მწარე გამოცდილებიდან დევნოს, დააკავოს და აწამოს ოპოზიციის წარმომადგენლები. 

"მთავარი აქ იქნება ქმედებები და არა მხოლოდ გარკვეული ინსინუაციები, ქმედებები, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რამდენად აქვს საშუალება, შესაძლებლობა, ბრლადებულს დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი ინტერესები სასამართლოში, რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი, ამას უყურებენ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან და აქდან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა შეკითხვაზე გაცემულია ამომწურავი პასუხი" - აცხადებს ალასანია.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ პროცესებს საკმაოდ აქტიურად ადევნებს თვალს საერთაშორისო საზოგადოება და ამასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. 

სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეაფასეს როგორც "გარკვეული რჩევა". პროკურატურის ამავე ქმედებას გამოეხმაურა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტიც. მისი თქმით, თუ პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოებას დაიწყებდა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მომდევნო რამდენიმე წელი ამ ერთი საკითხით შემოიფარგლებოდა, რაც ქვეყანას ზიანს მიაყენებდა. ბილდტმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა თავი აერიდებინა შერჩევითი სამართლისათვის, პატივი ეცა კანონის უზენაესობისათვის და გაეთვალესწინებინა უკრაინის მაგალითი და ის შედეგები, რაც ტიმოშენკოს დაპატიმრებას მოჰყვა. 

ბილდტმა შერჩევით სამართალზე ჯერ კიდევ 2013 წლის ივლისში, ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან, და 2014 წლის 5 აპრილს, უკვე კერძოდ გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა

"საქართველოში მოვლენების განვითარება მაშფოთებს. ხელისუფლების შურისძიების პოლიტიკა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს პრინციპებს არ შეესაბამება" - საკუთარი ტვიტერის გვერდის საშუალებით განაცხადა ბილდტმა. 

გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა კონგრესმენმა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, მაიკლ ტერნერნმა.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ჯონ ბეინერმა, ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას საქართველოს მთავრობის მხრიდან ოპოზიციური პარტიის სამართლებრივი დევნისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლის შეფასება მისცა. 

ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წარმოებულმა სამართლებრივმა პროცესებმა დიდი ბრიტანეთის ყურადღებაც მიიპყრო. პარლამენტში დებატებისას, 2014 წლის 8 აპრილს, დიდი ბრიტანეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, დევიდ ლიდინგტონმა, პარლამენტარ მარკ რეკლესს დებატებისას უთხრა, რომ საქართველოში ყოფნისას პრემიერმინისტრს და სხვა მინისტრებს არაერთხელ, "ძალიან ცხადად უთხრა", რომ შერჩევითი მართლმსაჯულება თავიდან უნდა იქნეს აცილებული და საქართველოს მთავრობა არ უნდა მოიქცეს ისე, როგორც იქცეოდა უკრაინის წინა რეჟიმი, იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით.

კომენტარები