1989 წლის 9 აპრილი

ღარიბაშვილი: ბრძოლის შედეგი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება

Reuters

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ეს თარიღი უახლოეს ისტორიაში ორმაგად მნიშვნელოვანია - ”სწორედ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების, საბჭოთა იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავგანწირული ბრძოლის შედეგი იყო, ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება”.

”25 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა. დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყო ის იდეალები, რომლებსაც ჩვენი თანამემამულეები შეეწირნენ.

ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ორმაგად მნიშვნელოვანია - სწორედ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების, საბჭოთა იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავგანწირული ბრძოლის შედეგი იყო, ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.

ჩვენი თანამემამულეების თავდადებას, სამშობლოსათვის დაღვრილ სისხლს უკვალოდ არ ჩაუვლია. დღეს საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფოა. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს, ყოველთვის პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და იმ იდეალების ერთგული დავრჩებით, რომლებსაც მათ შესწირეს თავი”, - წერია პრემიერის განცხადებაში.

კომენტარები