მეხუთე კოლონა

ბოკერია: თავდაცვის მინისტრმა მეხუთე კოლონა საკუთარ გუნდში უნდა ეძებოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია აცხადებს, რომ "თავდაცვის მინისტრმა მეხუთე კოლონა საკუთარ გუნდში უნდა ეძებოს". მისი თქმით, მსგავსი საფრთხეები ნამდვილად არსებობს. ბოკერიამ გადაცემა არჩევანში ირაკლი ალასანიას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს მთავრობა მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას არ დაუშვებს.

"იმ ხალხს ამ ხელისუფლებაში, ვისაც მკაფიო ამოცანები აქვს ევროატლანტიკური მიმართულებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ეს მეხუთე კოლონა ეძებონ, პირველ რიგში, საკუთარი გუნდის შიგნით. თავი დაანებონ კოალიციის ყველა ქმედების უაზრო, ცინიკურ და არადამაჯერებელ გამართლებას. მესმის, რომ გუნდის წევრები არიან, მაგრამ ეს ყველაფერი ზღვარს სცილდება და მათ ესმით საკუთარი გუნდის წევრების ის განცხადებები, რომლებიც ზუსტად მეხუთე კოლონისთვის არის დამახასიათებელი, ზოგჯერ შეფუთული ე.წ. პრაგმატული საფარველის ქვეშ", - თქვა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ორი მიმართულება აქვს აღებული.

"ერთი, აშინებენ ხალხს, რომ ევროპა არის საფრთხე და მეორე, ვითომ პრაგმატული განცხადებები, რომ "რეალობას უნდა შევეგუოთ, რუსეთს უკრაინაში გაუვიდა და ჩვენ ხომ არ შევასკდებით". როგორც ბურჯანაძე ლაპარაკობს ხოლმე. ზუსტად ასევე ლაპარაკობს ჩვენი პრემიერი, რომ რაღაც რეალობას შევეგუოთ და ბურჯანაძე ამას უწონებს. აქ უნდა დავინახოთ ის, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ", - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ "ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ წაანაცვლონ ჩვენი ეროვნული კონსენსუსი როგორც შიდა იდენტობის საკითხებზე, ისე საგარეო პოლიტიკურ კურსზე, არის ხალხი, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან აფილირებულები მმართველ კოალიციასთან". ამ კონტექსტში ბოკერიამ პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებულები, ასევე, ის პოლიტიკური ძალები დაასახელა, "რომლებიც ოფიციალურად არ არიან კოალიციაში, მაგრამ ღიად ხელდასხმულია და ჰარმონიაშია ბევრ საკითხთან მიმართებით დღევანდელ მთავრობასთან".

მისი თქმით, ნინო ბურჯანაძე, ირმა ინაშვილი - სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც წინა პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მოსწონს. 

"შიდა კოალიციაში კი, რამდენი განცხადება შეიძლება ჩამოვთვალოთ? ყველამ ვიცით, რომ მათემატიკურად, დეპუტატების უმრავლესობა არის ამ განწყობის ხალხი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის ბოდვა, რომელიც მოვისმინეთ შს მინისტრისგან, არის სიმპტომატური და საგანგაშო იმიტომ, რომ შს მინისტრი თვითონ თესავს პანიკას არაფრისგან, იგონებს სრულ სიცრუეს, სისულელეს და საზოგადოებას უგზავნის საგანგაშო სიგნალს, რომ ევრომაიდანის მოწყობა უნდათ. როგორც წესი, ვითარება არის ხოლმე პირიქით, ქვეყანაში შეიძლება იყოს ძალები, რომლებიც ღიად საუბრობს, რომ "ახლა არეულობა იქნება", "ჩვენ დავამხობთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას", გვახსოვს ეს უახლოესი წარსულიდან, ასეთი იყო ტრადიცია და ოპოზიციიდან ეს დისკურსი გვესმოდა. ამ ვითარებაში შეიძლება იძულებული იყოს ხელისუფლება, რომ  გააკეთოს კომენტარი და თქვას, რომ ეს ასე არ არის. დღეს კი, ხდება პირიქით, თვითონ მოიგონეს ეს აბსურდი, დათესეს პანიკა და მყარი და აგრესიული ტონით იმუქრება პრემიერი, რომ არ დაუშვებს რაღაცას, რაც არც არის და არც უნდა მოხდეს. ეს არის აბსურდის თეატრი. ჩვენი მთავრობა, იმის ნაცვლად, რომ საფრთხეს ხედავდეს კრიმინალის ზრდაში, უსაფრთხოებაში, რუსეთსა და ეკონომიკურ სტაგნაციაში, იგონებს ასეთ აბსურდს და ხელს უწყობს სიტუაციის დამძიმებას. შს მინისტრმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ არანაირ საფრთხეს რუსეთისგან ვერ ხედავს, ეს არის პრობლემა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, მთავრობის მოტივაცია, ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პასუხობს, რომ ახალი ხელისუფლება მოსვლის დღიდან მთავარ რესურსს ხარჯავს პოლიტიკურ ოპონენტთან ბრძოლაში.

"ეს არის პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციის განადგურების ღია მცდელობა, ეს არის მათი დეკლარირებული კურსი, რასაც კვებავენ ასეთი განცხადებებით, სხვა ტიპის კამპანიებით, დაჭერებით, ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ ნუგზარ წიკლაურს გატაცების მიზნით, იტაცებენ მოწმეებს და ერთი შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა. ამაზე არ ღელავს შს მინისტრი და ასეთი საქმეების გამოძიება არ არის პრიორიტეტი", - აღნიშნა ბოკერიამ და თქვა, რომ ამის ნაცვლად, მთავრობა ხელს უწყობს პრობლემის გაღვივებას პანიკური განცხადებებით.

"შეშფოთების საკითხი არის ის, როგორ ჰგავს გარკვეულ საკითხებში ჩვენი ხელისუფლების ნაწილის ტრაექტორია იანუკოვიჩისას. ჩვენი ამოცანაა ეს არ დავუშვათ. ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც არ აყენებს ეჭვქვეშ ხელისუფლების ლეგიტიმურობას, არ საუბრობს ხელისუფლების დამხობაზე, აღიარა არჩევნების შედეგები არჩევნებიდან ხუთ წუთში, რადგან დემოკრატიული ტრადიცია შეიქმნას. ანუ ძველი ოპოზიციის სრულიად საპირისპიროდ იქცევა, მაგრამ ეს სარკისებური ეფექტი შეეხო ხელისუფლებას, როგორც ოპოზიციაში იქცეოდნენ, ხელისუფლებაშიც ისე იქცევიან - როგორც პარტიზანები მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ევრომაიდანი მოაწყო იანუკოვიჩმა იმიტომ, რომ უღალატა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, დაკავებული იყო ოპონენტების დაჭერით და ქვეყნის ჩიხში შეყვანით.

ცნობისთვის, გადაცემა არჩევანში სტუმრობისას, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას არ დაუშვებს. როგორც ალასანიამ გადაცემა არჩევანში თქვა, ამ რთულ ეტაპზე, როდესაც ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას აპირებს და NATO-ს სამიტზე მნიშვნელოვან წარმატებებს ელის, საზოგადოების წარმომადგენლებისგან ისმის რუსული პოლიტიკის "გამპრავებელი" განცხადებები, რაც თავდაცვის მინისტრის თქმით, ამორალურია. მისი თქმით, "საქართველოში სოკოებივით იზრდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მე ეჭვი მაქვს, დაფინანსებული არიან ჩვენი არაკეთილმოსურნეების მხრიდან და ეს არის დაუშვებელი, ჩვენი მთავრობა ასეთი მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას საქართველოში არ დაუშვებს". თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო აკონტროლებს, რა ნაბიჯებს დგამს არაკეთილმოსურნე. ამასთან, ალასანია აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქვს ძალიან მაღალი კოორდინაცია.

"მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის ყურადღება, რომელიც არის ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებისგან, მათ შორის, კონტრდაზვერვითი სამსახურებისგან, მიმართულია სწორედ, რომ საზოგადოება იყოს დაცული, იყოს უსაფრთხო და ეს გამძაფრებული ყურადღება აბსოლუტურად ლოგიკური და ადეკვატურია დღევანდელ ვითარებაში", - თქვა თავდაცვის მინისტრმა.

ასევე შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შესაძლო დესტაბილიზაციაზე ისაუბრა. ჭიკაიძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება.

მსგავს სცენარზე ასავალ-დასავალთან ინტერვიუში გასულ კვირას საუბრობდა მედიაკავშირ ობიექტივის ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი. მან გაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსალოდნელი არეულობის შესახებ ხელისუფლებას უკვე შეატყობინა.

ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ გუშინ შეაფასა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თქვა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ შეძლებს. მისი განცხადებით, თუ ვინმეს ამის მცდელობა ექნება, ის "ძალიან მკაცრად დაისჯება".

კომენტარები