9 აპრილი

რატომ 9 აპრილი?

მირიან თოიძე
0 კომენტარი

25 წლის წინ საბჭოთა სამხედროების მიერ რუსთაველის გამზირზე დარბეული მანიფესტაცია არა მხოლოდ იმპერიული სისასტიკის სიმბოლოდ, არამედ თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ლეგიტიმურობის უპირველეს წყაროდ იქცა. 1989 წლის 9 აპრილს ასევე ბოლო მოეღო მითს რუსეთთან თანაცხოვრების უპირატესობის შესახებ.

1980-იანი წლების მეორე ნახევარში, განახლებისა და დემოკრატიული საჯაროობის იდეებით აფორიაქებულ სსრკ-ის სივრცეში, ოფიციალური თბილისი კონსერვატიზმისა და კონფორმიზმის ბასტიონად რჩებოდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის პირობებში დაადგნენ დამოუკიდებლობის გზას, საქართველოში მოხელე-ფუნქციონერებისა და ხელისუფლებას ორგანულად შერწყმული ინტელიგენციისგან შემდგარი იმდროინდელი ისტებლიშმენტი განაგრძობდა „უძრაობის" ეპოქაში ცხოვრებას. გარეგნული სიმშვიდითა და უდრტვინველობით. დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, „სტრატეგიული მოთმინების" თეორიის საუკეთესო ტრადიციებში.

ამავე დროს, თუკი „ცენტრალური", ანუ მოსკოვური მედიასივრცე დუღდა პოლიტიკური დებატით და სადაც საბჭოთა იდეოლოგიის მართებულობას ზოგჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაც კი აყენებდნენ, ქართული პრესა გამოირჩეოდა ხელისუფლებისადმი მორჩილებითა და სრული უსახურობით. დამოუკიდებლობის იდეის განხილვა, ცხადია, ოფიციალური მედიასაშუალებების მიღმა ხდებოდა. ხოლო როდესაც ოფიციოზი დაუშვებდა ხოლმე მსგავსი საკითხის წამოწევას, ეს მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში კეთდებოდა. უმოსკოვოდ ცხოვრების შეუძლებლობის დასასაბუთებლად, სუვერენიტეტის აღდგენის მოწინააღმდეგენი ეკონომიკურ მიზეზებთან ერთად გეოპოლიტიკური ხიფათის შემცველ ფაქტორებსაც ასახელებდნენ – „როგორც კი რუსი მესაზღვრე ჩვენგან გავა, იმავე წამს შემოვლენ ტერიტორიული პრეტენზიების მქონე ირანელები და თურქები".

ამ ვითარებაში ეროვნული მოძრაობის ლიდერებსა და სუვერენიტეტის აღდგენის პოზიციებზე მყოფ ინტელექტუალებს ხელისუფლების მხრივ მუდმივი ზეწოლისა და, ფაქტობრივად, ქუჩის აქციების პირობებში უწევდათ მოღვაწეობა. ამრიგად, ერთი მხრივ, იმდროინდელი ხელისუფლების მოსკოვისადმი ვასალური დამოკიდებულებისა და, მეორე მხრივ, პატრიოტული ძალებისთვის საკუთარი იდეების პროპაგანდის შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, პრაქტიკულად ვერც კი დადგებოდა სუვერენიტეტის აღდგენის ირგვლივ რაიმე სახის პლებისციტის ჩატარების საკითხი. და, მსგავსი პლებისციტი რომც ჩატარებულიყო, თუნდაც გვიან 1988 წელს, საეჭვოა, მისი რეზულტატი ცალსახად დამოუკიდებლობის აღდგენის სასარგებლოდ ყოფილიყო.

არსებული სიტუაციის რადიკალური შეცვლა ისევ კრემლის მიერ წამოწყებულმა პოლიტიკურმა თამაშმა გამოიწვია. 1989 წლის 18 მარტის (დიდი ალბათობით) მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა „ლიხნის ასამბლეამ", სადაც 30 ათასამდე აფხაზმა მოიყარა თავი, საქართველოსგან გამოყოფა და საკავშირო რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. საპასუხო საპროტესტო მოძრაობა (ქართველთა ხალხმრავალი მიტინგები გალში, ლესელიძეში, ზუგდიდში, სოხუმში, თბილისში) უდავოდ გარდამტეხ მომენტად იქცა პატრიოტული ძალების კონსოლიდაციის საკითხში.

საპროტესტო მუხტის ზრდასთან ერთად, მოთხოვნათა თანდათანობითი რადიკალიზაცია შეგნებულ პოლიტიკურ აქტად უნდა მივიჩნიოთ. 4-9 აპრილის მონაკვეთში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აფხაზური სეპარატიზმის დაგმობის პარალელურად, მმართველი კომპარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგები გახმოვანდა. საპროტესტო აქციების ხელმძღვანელი „დამოუკიდებლობის კომიტეტისთვის", მომიტინგეთა სიმრავლესა და შემართებას „პერესტროიკის" ფაზაში მყოფი კრემლი დათმობებისკენ უნდა წაეყვანა. მაგრამ, თუ რუსულ-იმპერიალისტური რეპრესიული მანქანა ძველებურად ამოქმედდებოდა, დაიმსხვრეოდა საბჭოთა ხელისუფლების გაკეთილშობილების მითი და საბოლოოდ მოისპობოდა რუსეთთან თანაცხოვრებით გარანტირებული სიმყუდროვის ილუზია. ამ სტრატეგიის პოლიტიკური მიზანშეწონილობა სრულიად აშკარაა. ის საძირკველს აცლიდა საქართველოში ოკუპაციურ, საბჭოთა წყობას.

1989 წლის 10 აპრილის დილას, საბჭოთა ჯარების მიერ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის კვალობაზე, საქართველოში თვისობრივად ახალი რეალობა დადგა. მოხდა რესპუბლიკის იმდროინდელი მთავრობისა და მმართველი კომპარტიის სრული დისკრედიტაცია. „ცეკას" ხელმძღვანელთა საქმიანობა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აღიქვა, როგორც კრემლისადმი კოლაბორაციონისტული და ეროვნული ინტერესებისადმი მოღალატეობრივი. საქართველოში მოსკოვიდან დანიშნული მარიონეტების ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა. ამიერიდან ქვეყნის დე ფაქტო პოლიტიკურ ლიდერებად ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები და პატრიოტულ პოზიციებზე მყოფი, „სუვერენისტი" ინტელექტუალები იქცნენ.

სწორედ 9 აპრილის მონაგარია ქვეყანაში შექმნილი ახალი პოლიტიკური მოცემულობა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სუვერენიტეტის აღდგენის პროცესის იურიდიულ სიბრტყეში გადაყვანა. ჯერ კიდევ 1989 წლის 17-18 ნოემბერს, საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ, ანუ საბჭოური მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ, ოფიციალურად დაგმო საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წელს.

ამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ ეროვნული კონსენსუსი მიღწეული ჩანდა. საჭირო იყო ამ ისტორიული პროცესის ლეგიტიმიზაცია. ასეთად კი უდავოდ უნდა განვიხილოთ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.

ამ რეფერენდუმზე მიღწეულმა შედეგმა (98,93% დამოუკიდებლობის აღდგენის სასარგებლოდ), ზოგიერთი სხვა საბჭოთა რესპუბლიკისგან განსხვავებით, უპირატესი ხარისხი მიანიჭა ქართული სუვერენიტეტის ლეგიტიმურობას. გავიხსენოთ, რომ მანამდე ორი კვირით ადრე, 1991 წლის 17 მარტს, ცენტრალურმა საბჭოთა ხელისუფლებამ გამართა რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოკავშირე რესპუბლიკებმა საქართველოს, სომხეთის, მოლდოვის და, ბუნებრივია, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა.

შედეგად, მივიღეთ სურათი, სადაც, მაგალითად, ცენტრალური აზიის რესპუბლიკების მოსახლეობის სრულმა უმრავლესობამ არჩევანი სსრკ-ის სასარგებლოდ გააკეთა (ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 93,7% უზბეკეთში, ყველაზე მაღალი – 97,9% თურქმენეთში იყო). შესაბამისად, თუკი დღეს ამ ქვეყნების სუვერენიტეტი ლეგიტიმურია, ვინაიდან მათ ჰყავთ არჩეული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები, ამ ლეგიტიმურობის ხარისხი არის გაცილებით დაბალი, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც საბჭოთა რეფერენდუმი არ ჩატარებულა. ხომ ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, შუა აზიის რესპუბლიკების ხალხებს სულ სხვა ქვეყანაში და სხვა პოლიტიკურ სივრცეში სურდათ ცხოვრება?

ეჭვგარეშეა, რომ თბილისის 9 აპრილის მოვლენებმა, ბაქოს „შავ იანვართან" (1990 წლის 20 იანვრის ღამე) და ვილნიუსის „ტელეანძის შტურმის" მოვლენებთან (1991 წლის 11-13 იანვარი) ერთად, დასაბამი დაუდეს საბჭოთა ხელისუფლების მორალურ, იდეურ და პოლიტიკურ დისკრედიტაციას. ამ ქალაქებში მოსკოვის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა ცხადყვეს, რომ რაგინდ ლიბერალის მანტიით ყოფილიყო შემოსილი კრემლის ბინადარი, რეპრესიები და თავისუფლებისკენ ლტოლვის სასტიკი ჩახშობა საბჭოთა მმართველთა ბუნებრივი ხელწერა გახლდათ. ამ ყოველივემ, დიდი ალბათობით, დააჩქარა კიდეც საბჭოთა კავშირის აღსასრული.

და, რაც ყველაზე მთავარია, 9 აპრილის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში მყარად დაისადგურა სახელმწიფოებრივმა აზროვნებამ. ამას ცხადყოფს კრემლის ორბიტიდან გასვლისა და დასავლეთ ცივილიზაციასთან მიერთების იდეის პოპულარობა პოლიტიკური გემოვნებისა თუ პარტიული სიმპათიებისგან დამოუკიდებლად. ხოლო ქართულმა სუვერენიტეტმა მოიპოვა იმ ხარისხის ლეგიტიმურობა, როგორიც მას რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში აღარ ჰქონია.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები