53-ე სკოლა

53-ე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ახალ დირექტორს სკოლაში არ უშვებენ

თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს. ისინი ახლადდანიშნულ დირექტორს ეკა გახარიას სკოლაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

რამდენიმე დღეა, 53-ე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სკოლის ყოფილი დირექტორის მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ.

ოფიციალური ინფორმაციით, სკოლის დირექტორის დათხოვნის საფუძველი სამინისტროს გენინსპექციის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვით, სკოლაში ფინანსური დარღვევები გამოვლინდა. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გენინსპექცია 53-ე საჯარო სკოლაში ერთ-ერთი მოქალაქის წერილის საფუძველზე, მიმდინარე წლის 5 მარტს შევიდა და სამუშაო 14 მარტს დაასრულა. 

განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, გენინსპექციის დასკვნა არის იმდენად კვალიფიციური, რომ მასში აღინიშნება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები და აქედან გამომდინარე, ეს დასკვნა პროკურატურაში გადაიგზავნა.

"შენიშვნები, რაც გენინსპექციას ჰქონდა, სერიოზულია. ეს ეხება აუქციონის გამოცხადების წესების დარღვევას, საიჯარო ხელშეკრულების მართვის დარღვეულ პროცედურებს, ფინანსურ დარღვევებს და რამდენიმე გადაცდომას ადმინისტრაციული კუთხითაც. შესაბამისად, დასკვნა არის იმდენად კვალიფიციური, რომ მასში აღინიშნება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები. აქედან გამომდინარე, გადაიგზავნა პროკურატურაში", - თქვა განათლების მინისტრმა. 

კომენტარები