წინასაარჩევნო გარემო

ენმ: ხელისუფლებამ აქცია "გაჩერებული საქართველო" ოთხ ქალაქში ჩაგვიშალა

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ქართული ოცნების აქტივისტებმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციის - "გაჩერებული საქართველო" ჩატარების საშუალება არ მისცეს. პარტიის ინფორმაციით, პრეზენტაციები გუშინ საღამოს დაიგეგმა და მოძრაობის რამდენიმე ლიდერს უნდა ეჩვენებინა ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებში შეჩერებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ ასევე, სურდათ, საზოგადოებისთვის გაეცნოთ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ნაწილში.

პრეზენტაციები დღეს, 13.30 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა, პარტიის ცნობით, თელავში, თბილისში, ანაკლიასა და წყალტუბოში ხელისუფლებამ მოახდინა ათობით და ასობით აქტივისტის მობილიზება, რომელთაც არ მისცეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების საშუალება. ენმ-ის ინფორმაციით, მათ წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი თელავში პარლამენტის წევრ ლევან ბეჟაშვილის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე, თბილისში, სადაც თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია უნდა გასაუბრებოდა ჟურნალისტებს, ანაკლიაში, სადაც თენგიზ გუნავას მიუვარდა 200-მდე ქართული ოცნების აქტივისტი და არ მისცა საშუალება მედიასთან ესაუბრა ანაკლიის პორტისა და ფოთის აეროპორტის შეჩერებული პროექტების შესახებ, წყალტუბოში, სადაც ასევე პარლამენტის წევრს გია თევდორაძეს ხელისუფლებამ დაახვედრა 4 ავტობუსი სავსე ოცნების აქტივისტებით.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ყველა ამ შემთხვევაში, სამართალდამცავები გამოჩნდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდა დაპირისპირება", - აცხადებენ პარტიაში და აღნიშნავენ, რომ დღევანდელი ინციდენტები ადასტურებს ხელისუფლების უკანონო თვალთვალსა და მოსმენას ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიმართ.

"სხვა შემთხვევაში, სრულიად გამორიცხული იყო ქართული ოცნების აქტივისტებს სცოდნოდათ, დღეს რომელ რეგიონში, რომელ კონკრეტულ ადგილას, რომელ საათზე ვგეგმავდით პრეზენტაციების მოწყობას. ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა უხეში გზით ხელი შეეშალა ნაციონალური მოძრაობის მიერ აქციის ორგანიზებისთვის, რომლის სახელწოდებაცაა "გაჩერებული საქართველო" - არის ირიბი აღიარება იმისა, რომ ქვეყანა დღეს ნამდვილად გაჩერებულია და მოკლებულია წინსვლის ყოველგვარ პერსპექტივას. ჩვენ გვსურს შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ჩაშლა საკუთარი აქტივისტების დარაზმვითა და ფიზიკური დაპირისპირებით არის არაცივილიზებული ქცევა. ხოლო თუ ხელისუფლება ასე აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლას, მომავალი არჩევნები არ და ვერ შეფასდება როგორც თავისუფალი და სამართლიანი, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის იმიჯსა და ევრო-ატლანტიკური საგარეო კურსის პერსპექტივას", - აცხადებენ პარტიაში.

ამასთან, დღეს დაპირისპირების გარეშე ჩაიარა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას შეხვედრამ ბათუმში, სადაც მან აჭარაში შეჩერებულ პროექტებზე ისაუბრა.

თუმცა, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც გიგი უგულავას სარჩელს განიხილავდნენ, რამდენიმე აქტივისტი მივიდა. 20-მდე მოქალაქე სასამართლოს ეზოში შეიკრიბა და აცხადებდა, რომ უგულავა დამნაშავეა. მათ პლაკატებიც გამოფინეს - "უგულავა მკვლელია" და სასამართლოსთან ცოცხი მიიტანეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სასამართლოს პლენუმს პოლიციის გამოძახება სთხოვა.

კომენტარები