საპროტესტო აქციები

სამოქალაქო პროტესტი და ძალის გამოყენება: როდის რა გავამართლოთ?

ერთი შეხედვით, უკრაინის მოვლენების მიმართ საქართველოში თითქმის კონსენსუსია: გვინდა ევროპაზე ორიენტირებული უკრაინა, სოლიდარობა გამოვუცხადეთ ევრომაიდნის მოთხოვნებს, გაგვეხარდა მისი გამარჯვება და, ცხადია, ვგმობთ რუსეთის აგრესიას ყირიმში. სხვადასხვა განცხადების ტონალობა განსხვავებულია (და ამ განსხვავებას მნიშვნელობა აქვს), მაგრამ ძირითად პრინციპებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კამათი არ არის.

ოღონდ საქართველო საქართველო არ იქნებოდა, ეს მოვლენები მაინც რომ არ გამხდარიყო პარტიული ბრძოლის ასპარეზი. როცა ნაციონალურმა მოძრაობამ ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი ევრომაიდნის პროტესტს, მათ მაშინვე დასწამეს ორმაგი სტანდარტი: თქვენ არ იყავით, 2007 წლის 7 ნოემბრის და 2009 წლის 26 მაისის აქციები რომ დაარბიეთო?

პოლიტიკოსები დიდი ხანია შემჩნეულები არიან ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში. გადამწყვეტი არ არის, დაბრალდება თუ არა ეს ცოდვა „ნაციონალებს" ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. მთავარია კრიტერიუმი: როდის უნდა დავუჭიროთ მხარი მოპროტესტე მასებს, თუნდაც ისინი კანონს არღვევდნენ, და როდისაა სწორი, მთავრობამ მათ ძალა დაუპირისპიროს.

მე თავის დროზე ბევრი პროგრესული ინტელექტუალი გავაბრაზე იმით, რომ 26 მაისის აქციის ძალადობრივი დაშლა „გავაპრავე" (მათ შორის ტაბულას ფურცლებზე), ამიტომ, ალბათ, ბუნებრივია, უკრაინის მოვლენების ფონზე ისევ დავუბრუნდე ამ საკითხს. ჯერ მოკლედ გავიმეორებ ჩემს პირად პოზიციას ხსენებული მოვლენების მიმართ. საქართველოს ხელისუფლების 7 ნოემბრის გადაწყვეტილება, ძალით დაეშალა საპროტესტო დემონსტრაცია, იყო პოლიტიკურად მცდარი (თუმცა დემონსტრანტებმა ნამდვილად მისცეს მას ძალის გამოყენების ფორმალური საფუძველი); მით უმეტეს, გამართლებას ვერ მოუძებნი ტელეკომპანია „იმედის" მიმართ სადამსჯელო აქციას. პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა ამ შეცდომების ირიბი აღიარება იყო. 26 მაისს საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლა ყველა მოსაზრებით სწორი და აუცილებელიც იყო, თუმცა დაშლის პროცესში პოლიციამ ძალას გადააჭარბა. (არ შემიძლია არ დავამატო: რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ დაშლის მეთოდებზე, ამის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის ციხეში გამომწყვდევა თვითნებური, პოლიტიკურად მოტივირებული „სამართლის" ქრესტომათიური მაგალითია).

ბოლო ხანების უკრაინული მაგალითიც არ არის ცალსახა. უკრაინელებს სრული უფლება ჰქონდათ, მასობრივი აქციებით გაეპროტესტებინათ იანუკოვიჩის მოულოდნელი უარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. მაგრამ მოპროტესტეების მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება, შემდეგ კი ცუდი, მაგრამ ლეგიტიმური პრეზიდენტის მასობრივი აქციების გზით გადაყენება სახიფათო პრეცედენტს უქმნის უკრაინას. გარდა ამისა, თუმცა ყირიმში რუსეთის შეჭრას ნულოვანი გამართლება აქვს, პუტინსაც კი სჭირდებოდა რაღაც საბაბი და ასეთად უკრაინაში კონსტიტუციური პროცესების შეფერხება გამოიყენა.

ამავე დროს, ვითარება რადიკალების გააქტიურებამდე თვით იანუკოვიჩმა მიიყვანა. იმ მომენტისთვის, როდესაც ძალადობა ხალხისგან წამოვიდა, მოპროტესტეებს ჰქონდათ სერიოზული არგუმენტი, რომ სხვა გზა აღარ დარჩენოდათ, ხოლო ხელისუფლებას უკვე დაკარგული ჰქონდა ის მორალური და პოლიტიკური კაპიტალი, რაც კანონდამრღვევი მასების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ლეგიტიმურს ხდის.

რის საფუძველზე ვანაწილებ ამ შეფასებებს: ეს სწორია, ეს კი – არა? შესაძლებელია, საერთოდ, ობიექტური საზომის ქონა? იქნებ შევეგუოთ, რომ პოლიტიკაში ყოველთვის ორმაგი სტანდარტები იბატონებს და გულახდილად ვთქვათ: ჩვენები ყოველთვის მართლები არიან, „ისინი" კი ტყუიან? მთავარია, „ჩვენები" შევარჩიოთ სწორად: თუ ისტორიულად სამართლიანი ან პროგრესული საქმის მხარეზე ხარ, ყველა მეთოდი გამართლებულია.

პროგრესულები და რეგრესულები

ეს უკანასკნელი მიდგომა გამოიყენა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, როდესაც ჟურნალისტის შეკითხვას (26 მაისის დამრბევები რა სინდისით უჭერთო მხარს უკრაინელების გამოსვლებს) გაღიზიანებული ტონით უპასუხა: როგორ შეიძლება ამ ორი მოვლენის შედარება, 26 მაისს თბილისში პროდასავლური მთავრობა ებრძოდა პრორუსულ ძალებს, მაშინ როდესაც კიევში პროდასავლურ მოთხოვნებს პრორუსული მთავრობა უპირისპირდება.

დემოკრატიის მომხრისგან ასეთი პასუხი მიუღებელია. დემოკრატიაში ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, მათ შორის მასობრივი მანიფესტაციების ფორმით. ცხადია, რომ მიტინგის ორგანიზატორი ნინო ბურჯანაძე ამ დროისთვის რუსეთის კარტს თამაშობდა, თუმცა ამ კონკრეტულ მიტინგზე ღიად პრორუსულ ლოზუნგებს არ აყენებდა. მაგრამ ვთქვათ და შეიკრებონ ადამიანები, ვისაც სწამს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვისაც ტრაგედია იყო, ახლა კი ევრაზიულ კავშირში შესვლას უნდა ვესწრაფვოდეთ NATO-ს და ევროკავშირის ნაცვლად – მათ არ უნდა ჰქონდეთ უფლება, ეს აზრი საჯაროდ დაიცვან?

ზოგადად, ამაზეც შეიძლება ვიდავოთ. დემოკრატიულ ქვეყნებს სხვადასხვა დროს აუკრძალავთ ნაცისტური ან კომუნისტური იდეოლოგიის აშკარა პროპაგანდა. ეს გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდა, მაგრამ დემოკრატიის ფუნდამენტური ინსტიტუტების დაცვით მართლებოდა. განსაკუთრებით, 2008 წლის აგრესიის შემდეგ, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღიად პრორუსული პოზიცია, თუნდაც ევრაზიულ კავშირში შესვლისადვოკატირება, ქვეყნისთვის მტრული ქმედების ნიშნებს შეიცავს. მეორე მხრივ, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ევრაზიულ კავშირში შესული საქართველო გაცილებით ნაკლებ დემოკრატიული იქნება, ვიდრე ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, ან, თუნდაც, ამ ორგანიზაციებისკენ მსწრაფი. რატომ არ შეიძლება დროებით შეუზღუდო გამოხატვის თავისუფლება აშკარად პრორუსულ ძალებს, თუ ეს საბოლოოდ ისევ დემოკრატიის გამარჯვებას წაადგება?

მაგრამ საქართველო ამ გზით არ წასულა და, ჩემი აზრით, არც უნდა წასულიყო. ანტიდემოკრატიული იდეოლოგიების საწინააღმდეგოდ მიღებული შეზღუდვები, როგორც წესი, არაეფექტურია, ხელისუფლებას კი მათი ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს. ვერც დემოკრატიის პრინციპებიდან და ვერც საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ გავყოფთ მიტინგებს იმის მიხედვით, მოგვწონს თუ არა მათი ლოზუნგები თუ ორგანიზატორები.

ხალხი ყოველთვის მართალია?

თანამედროვე დემოკრატია ისტორიულად ემყარება პრინციპს, რომელიც პირველად ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჯონ ლოკმა ჩამოაყალიბა: ხალხს უფლება აქვს, აუჯანყდეს ტირანულ ხელისუფლებას. ამით მან „გააპრავა" ინგლისის დიადი რევოლუცია, შემდეგ კი ეს დებულება ამერიკის, საფრანგეთის და მრავალი სხვა რევოლუციის თუ გადატრიალების იდეოლოგიურ საფუძვლად გამოიყენეს (მათ შორის, პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ ჯანყის გასამართლებლად).
ოღონდ ლოკმა ისიც დაამატა, რომ ასეთი რადიკალური მეთოდის გამოყენება მხოლოდ მაშინაა გამართლებული, თუ ძალაუფლების ბოროტი გამოყენება სისტემური ხდება. რაღაცაზე შარს ნებისმიერ მთავრობას მოსდებ, მაგრამ სულ რევოლუციებში ხომ არ ვიქნებით? მაშ, სად გადის ზღვარი? სწორედ აქედან ამოდიან „აჯანყების უფლების" კრიტიკოსები: ვინ და როგორ უნდა განსაზღვროს, საკმარისად დააშავა თუ არა ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ, რომ მისი რევოლუციური მეთოდით გადაყენება გავამართლოთ?

ხალხში დაგროვილი აღშფოთება ხომ არ გამოვიყენოთ კრიტერიუმად? მაგრამ ამ აღშფოთებით მანიპულირებას შეიძლება ახდენდნენ იდეოლოგიური ფანატიკოსები ან პოლიტიკური ავანტიურისტები, რომლებიც, ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, ხალხის სახელით კიდევ უფრო სასტიკ რეპრესიებს განახორციელებენ. საფრანგეთის რევოლუციიდან მოყოლებული, ისტორიული გამოცდილება გვასწავლის: „რევოლუციის უფლების" გამოყენებით მოსულ ლიდერებს არანაკლები ბოროტება ჩაუდენიათ, ვიდრე „ძველ" მთავრობებს, ვის მიმართაც მრავალი სამართლიანი თუ გაზვიადებული პრეტენზია დაგროვილა. ესე იგი, ხალხის სახელით მოქმედი ექსტრემისტებისგან და ავანტიურისტებისგან ვიღაცამ უნდა დაგვიცვას. მაგრამ ვინ, თუ არა ისევ იმ არასრულყოფილმა მთავრობებმა?

მივიღეთ ორი დებულება: (1) ხალხს აქვს უფლება, რეპრესიულ ხელისუფლებას აუჯანყდეს და ამ დროს კანონის ფარგლებს გაცდეს, და (2) ხელისუფლება მოვალეა, საზოგადოება დაიცვას მათგან, ვინც ხალხის თუნდაც სამართლიანი უკმაყოფილების გამოყენებით საფრთხეს უქმნის თავისუფლების და კანონიერების საფუძვლებს.

პრინციპები და კონტექსტი

როგორ შევახამოთ ეს ორი პრინციპი? რაკი ადამიანი ბუნებით ზარმაცია და სიმარტივე უყვარს, ბევრს ურჩევნია, ერთი პრინციპი აირჩიოს და ბოლომდე გაჰყვეს. ზოგი ყოველთვის ხელისუფლების მხარესაა და თვლის, რომ ნებისმიერი „არეულობა" ვიღაც ცუდი ადამიანების მოწყობილია კიდევ უფრო ცუდი ადამიანების დაკვეთით. სხვა, როგორც კი მოედანზე შეკრებილ გაბრაზებულ ხალხს დაინახავს, მას ჭეშმარიტების უზენაეს მატარებლად გამოაცხადებს და, რაც არ უნდა ქნას ამ ხალხმა, მის მიმართ ძალის გამოყენებას გმობს, როგორც დაუშვებელ „ძალადობას". მესამე ვარიანტი უკვე ვახსენეთ: პოლიტიკური საჭიროების მიხედვით ხან პირველ თეორიას გამოიყენებ, ხან მეორეს.

სამწუხაროდ, ხანდახან ჭეშმარიტება მარტივი არ არის. თუ თავისუფალი და ღირსეული ცხოვრება გინდა, ორივე დებულება უნდა აღიარო, ოღონდ კონტექსტის მიხედვით. ხანდახან ხელისუფლება არ ტოვებს თავისუფალი პოლიტიკური ქმედების სივრცეს და საზოგადოებას სხვა გზა არ რჩება, თუ არა კანონის ფარგლებს გასცდეს. მაგრამ რა ვუყოთ, თუ ცინიკოსი ან იდეალისტი ლიდერები და მათ აყოლილი მასები საფრთხეს უქმნიან ინსტიტუტებს, რომლებიც ყოველთვის არასრულყოფილია, მაგრამ თავისუფალი და ღირსეული ცხოვრების ერთადერთი გარანტიაა? ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას ევალება, ამ ინსტიტუტების დასაცავად ძალა გამოიყენოს.

შეფასებას იცის ართულებს, რომ ძალის გამოყენება ტირანიის თუ ლეგიტიმური დემოკრატიული მთავრობის მიერ გარეგნულად შეიძლება ერთმანეთს ჰგავდეს: ორივეგან ჩანან ჩაფხუტიანი პოლიციელები, ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და ა.შ. მაგრამ ერთ შემთხვევაში ეს სწორია, მეორეში კი – არა. ძნელია, ხომ?

ხომ არ გვეცადა იმის ზუსტი კოდიფიკაცია, ანუ მკაფიო წესების შემუშავება, როდის და როგორ მოვიქცეთ ამ სახიფათო სასაზღვრო ზოლში თავისუფლებასა და კანონიერებას შორის? სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. ზოგადი წესი კონკრეტულ გარემოებებს და დეტალებს ვერ ამოწურავს.

მიუხედავად ამისა, დემოკრატიულ სამყაროს, ანუ წარმოსახვით ერთობას იმ ადამიანებისა, ვისაც დემოკრატიის პრინციპები უღირს და ესმის, უმეტეს შემთხვევაში შეუძლია შეთანხმება, თუ რა შემთხვევაშია მხარდასაჭერი ჯანყი ფორმალურად ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ და როდისაა გამართლებული ძალის გამოყენება იმათ წინააღმდეგ, ვინც თავისი პოზიციის გამოხატვისას კანონის ფარგლებს სცდება.

პირველ შემთხვევაში ლოგიკა არსებითად იგივეა, რაც სამართლიანი ომის თეორიაში: ლეგიტიმური ხელისუფლების დაუმორჩილებლობა გამართლებულია მხოლოდ განსაკუთრებულ, უკიდურეს შემთხვევაში, თუ ყველა კანონიერი საშუალება ამოწურულია, ან თუ კანონი საერთოდ არ იძლევა თავისუფალი ქმედების საშუალებას. მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ცუდია, კორუმპირებულია, შერჩევით სამართალს ეწევა, სიღარიბე ვერ აღმოფხვრა და ა. შ., მისი ძალით გაგდება არ შეიძლება: ეს მუდმივი ქაოსის და ანარქიის გზაა.

ისევ უკრაინა და საქართველო

გამოვიყენოთ მაგალითები. 2003 წლის საქართველოში განსაკუთრებული ვითარება შექმნა გაყალბებულმა არჩევნებმა. უტყუარი მტკიცებულებებით დადგინდა: მოქალაქეებმა კანონიერი მეთოდებით „გაუშვეს" მთავრობა, მან კი უარი თქვა წასვლაზე, ესე იგი, ხალხს მისი ძალით გაგდების გარდა სხვა გზა არ დაუტოვა. კორუმპირებული და უნიათო შევარდნაძის ხელისუფლება მანამდეც იყო, მაგრამ ეს რევოლუციური გადატრიალების გამართლებად არ გამოდგებოდა.

უკრაინაში, ევროკავშირთან ასოცირებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმით პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უეცრად გადაუხვია ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ გზას, რომელსაც ქვეყანა წლების განმავლობაში ადგა და მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერდა. ისიც აშკარად ჩანდა, რომ ეს მოულოდნელი და ერთპიროვნული გადაწყვეტილება მან უცხო ქვეყნის ზეწოლით ან მოსყიდვით მიიღო. ამას მოჰყვა სრულიად ბუნებრივი პროტესტი, რის ფონზე მთავრობამ მიიღო ახალი რეპრესიული კანონმდებლობა, რითაც ცხადად აჩვენა, რომ მისი რუსეთზე ორიენტაცია გულისხმობდა არა მხოლოდ კონკრეტულ სავაჭრო რეჟიმს, არამედ უკრაინაში რუსული სტილის დიქტატურის დამყარებას. მაიდანზე შეკრებილი ხალხი ბოლო მიჯნა აღმოჩნდა ამ სცენარისგან დასაცავად. ამის შემდეგ პროცესები გავიდა კონსტიტუციური კალაპოტიდან, მაგრამ ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლება იყო. აქაც იგივე შემთხვევაა: კორუმპირებული და არაეფექტური უკრაინის მთავრობა მანამდეც იყო, მაგრამ რადიკალური მეთოდების გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებულმა გარემოებებმა გაამართლა.

26 მაისს ამ შემთხვევებთან საერთო არაფერი აქვს. ექსტრემისტულად განწყობილი ჯგუფი, რომელიც საზოგადოების მცირე ნაწილის განწყობას გამოხატავდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებდა მიტინგებს, რომელთაც ხელს არავინ უშლიდა (და არც უნდა შეეშალა). მაინცდამაინც ამ დროს პროტესტის განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობდა: უბრალოდ, გაზაფხული მიტინგების დროა. იმით, რომ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ჩაშლა გადაწყვიტა და რუსთაველის პროსპექტის დროებით გათავისუფლებასაც კი არ დათანხმდა, ამ ჯგუფმა გამოწვევა გაუგზავნა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს. მისი აშკარა კავშირი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილ ძალასთან ზეიმის ჩაშლას დამატებით სიმბოლურ დატვირთვას სძენდა.

ამის შემდეგ, ხელისუფლებას სრული სამართლებრივი და მორალური უფლება, მეტიც, მოვალეობა გაუჩნდა, გამზირი ექსტრემისტებისგან გაეწმინდა. პოლიციას რომ თავისი მოვალეობის შესრულებისას მეტი პროფესიონალიზმი და თავშეკავება გამოეჩინა, სალაპარაკო საერთოდ არაფერი იქნებოდა.

ზოგადი, აბსტრაქტული კატეგორიებით გატაცება („ხალხი", „ძალადობა", „თვითგამოხატვა" და ა.შ.) განუვითარებელი პოლიტიკური დისკურსის ნიშანია. მთავარია, ჩვენთვის საკვანძო პრინციპები კონკრეტულ კონტექსტს დავუკავშიროთ. რაციონალური კამათი მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება.

კომენტარები