ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეა

PACE-მ რუსეთზე მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ოკუპაციის საკითხიც შეიტანა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ რეზოლუციაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი შეიტანა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დღევანდელ რეზოლუციაში, რომლითაც რუსეთს ხმის უფლება ჩამოერთვა, საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კანდელაკის მიერ დაყენებული შესწორება შევიდა.

შესწორების თანახმად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ „საქართველო-რუსეთის ომის შედეგების შესახებ“ ასამბლეის რეზოლუციების, ნომრით 1633, 1647 და 1683, შეუსრულებლობის, საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ჯარების მიერ ოკუპაციის, რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის მონიტორების არდაშვებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების არაღმოფხვრის გამო“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, რეზოლუციაში შესწორების სახით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხის შეტანა საერთაშორისო ასპარეზზე აქტუალიზაციის თვალსაზრისით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„დღეს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, საქართველოს აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის საკითხისა და დევნილთა დაბრუნების სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში მწვავედ დასმის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, მთავრობა, რომელიც კვლავაც მიიჩნევს, რომ საქართველო არ უნდა იყოს წინააღმდეგობის საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის და რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების წყურვილითაა შეპყრობილი - ამ შანსს ხელიდან უშვებს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ რეზოლუციაში შევიდა მუხლი, სადაც ჩამოთვლილია როგორც დეოკუპაციის, ასევე ევროკავშირის მონიტორების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების საკითხები, რუსეთის ფედერაცია კი გამოცხადებულია ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებლად“, - აცხადებს კანდელაკი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღვანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთს ხმის უფლება ჩამოერთვა. გადაწყვეტილების მიზეზი ყირიმის ანექსია, საქართველოს ოკუპაცია და შეუსრულებელი ვალდებულებები გახდა. დღევანდელ სხდომას რუთეთის დელეგაციის წარმომადგენლები არ დაესწრნენ.

ამასთან, გუშინ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთის სამხედრო აგრესია და ყირიმის ანექსია დაგმო. 154-მა დეპუტატმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, 26-მა წინააღმდეგ მისცა ხმა და 14-მა თავი შეიკავა. 

"საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და ყირიმის ანექსიას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო ნორმების დარღვევას, მათ შორის, გაეროს წესდების, ეუთოს ჰელსინსკის აქტის და ევროსაბჭოს ძირითადი ნორმების. არცერთი არგუმენტი, რომელსაც იშველიებს რუსეთის ფედერაცია თავისი ქმედებების გასამართლებლად, სინამდვილეს არ შეესაბამება", - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო. 

კომენტარები