ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ბერძენიშვილი: დღის წესრიგშია PACE-ს ღირსების საკითხი და არა რუსეთის აქ ყოფნა

ლევან ბერძენიშვილი
epn.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, დღის წესრიგში დგას არა რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ყოფნა-არყოფნის, არამედ თავად PACE-ს ღირსების საკითხი. როგორც ბერძენიშვილმა დღევანდელ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რუსული დელეგაცია არ ესწრება სხდომას და ამაყობს იმით, რომ "მიუფურთხებიათ, იქნებიან თუ არა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები". ბერძენიშვილმა ასამბლეას მოუწოდა, "შეუჩეროს უფლებამოსილება რუსეთს, არ ითანამშროლოს და არ იყოს სოლიდარული აგრესორის მიმართ".

"მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის, რას ნიშნავს რუსეთთან მეზობლობა. მე მოვისმინე მოსაზრებები, რომ ისინი აქ უნდა იყვნენ, რათა რაღაც ისწავლონ. ეს ძალიან საინტერესო აზრია, მე ეჭვი არ მეპარება PACE-ს და ევროპელი ლიდერების პედაგოგიურ შესაძლებლობებში, მაგრამ სწავლის პროცესს ორი მონაწილე სჭირდება - მასწავლებელი და მოსწავლე. ჩვენ აქ ველოდებოდით მომავალ მოსწავლეებს - ბატონ პუშკოვს, სლუცკის და სხვებს, მაგრამ ისინი არ არიან, არ უნდათ სწავლა. კარგია, რომ გვინდა, მათ ვასწავლოთ, მაგრამ მათ არ უნდათ, ისწავლონ", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით, რუსეთს ხმის უფლება ჩამოერთვა.

გადაწყვეტილების მიზეზი ყირიმის ანექსია, საქართველოს ოკუპაცია და შეუსრულებელი ვალდებულებები გახდა.

დღევანდელ სხდომას რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები არ დაესწრნენ.

კომენტარები