რუსეთი

რას გვასწავლის პუტინი

2008 წლის ივლისის ბოლოს ავიღე შვებულება და 10 დღით ისრაელში წავედი. უკან დავბრუნდი 8 აგვისტოს, ადრე დილით. მანამდე კი, 7 აგვისტოს, ჯერ კიდევ ისრაელში ყოფნისას, ერთ-ერთი ქართველი ტურისტი, საქართველოში მყოფ ახლობლებთან ტელეფონით საუბრის შემდეგ, ძალიან წუხდა ცხინვალის რეგიონში გამწვავებულ მდგომარეობაზე. მე ვიცოდი, რომ სროლები იყო ივნისშიც და ივლისშიც, ამიტომ ვცადე მისი დამშვიდება და ვუთხარი, რომ სროლა კიდევ ჯერ არ ნიშნავდა იმას, რომ აუცილებლად ომი იქნება.

2014 წლის თებერვლის ბოლოს ფეისბუქზე ერთმა ადამიანმა ახსენა მეორე ყირიმის ომის შესაძლებლობა, რაზეც მივწერე, რომ პუტინისთვის უკრაინაზე თავდასხმა იქნება აშკარა თვითმკვლელობა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, ამაზე წავიდეს.

ორივე შემთხვევაში მე სისულელე ვთქვი. შეიძლება, ის, რასაც პუტინი უკრაინაში სჩადის, საბოლოო ჯამში მართლაც აღმოჩნდეს მისი რეჟიმის თვითმკვლელობა, მაგრამ ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ ის ამას აკეთებს.

ადამიანებს ხშირად გვიჭირს იმის დაჯერება, რომ სამყაროში რაღაც რადიკალურად შეიცვლება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის სერიოზულ ნიშნებს ვხედავთ და იმის მიუხედავად, რომ ასეთი მოვლენები ისტორიის მანძილზე პერიოდულად ხდება ხოლმე. რუსეთ-საქართველოს ომამდე ცხადი იყო, რომ რუსეთისთვის მიუღებელია საქართველოს მიერ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება, რუსეთის სატელიტის სტატუსზე უარის თქმა და მისი მტკიცე ნება, აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. გასაგები იყო, რომ რუსეთი რაღაცას მოიმოქმედებდა ამასთან დაკავშირებით. 2008 წლის თებერვლიდან რუსული პოლიტიკა საქართველოს მიმართ უკიდურესად აგრესიული გახდა. ამას მალევე დაემატა რუსული საჯარისო შენაერთების გადაადგილებები საქართველოს მიმართულებით და ინფრასტრუქტურის მომზადება სამხედრო თავდასხმისთვის. ამის მიუხედავად, ძალიან ცოტა ადამიანს სჯეროდა, რომ რუსეთი წავიდოდა პირდაპირ და სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე საქართველოს წინააღმდეგ, ზოგს კი დღემდე არ შეუგნია, რომ ეს თავიდანვე იყო კრემლის გეგმა.

თუ საქართველოს სამხედრო წინააღმდეგობა დაძლეული იქნება თავდასხმიდან 3 დღის განმავლობაში, რუსეთი დააყენებს დასავლეთს ფაქტის წინაშე, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ობიექტურად უძლური იქნება სწრაფად შეცვალოს საქართველოში არსებული ვითარება.

უკრაინული რევოლუციის გამარჯვების შემდეგაც, 2014 წლის თებერვალში, გასაგები იყო, რომ პუტინისთვის კატეგორიულად მიუღებელია მისი კონტროლისგან გათავისუფლებული და ევროინტეგრაციის გზაზე დამდგარი უკრაინა. რომ ამ თვალსაზრისით რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა უკრაინის ახალ ხელისუფლებაზე ვეღარ მოიტანდა შედეგს, როგორც მოიტანა იანუკოვიჩის ხელისუფლების შემთხვევაში. რომ მომავალში რუსეთისგან დამოუკიდებელი უკრაინა თანდათან დადგებოდა ფეხზე და გაძლიერდებოდა, რის დაშვებასაც პუტინს ამ ქვეყნის დეზინტეგრაცია, ნაწილებად დაშლა ერჩივნა. და მაინც, ცოტას თუ სჯეროდა, რომ რუსეთი წავიდოდა აშკარა აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, თავისი შეიარაღებული ძალების გამოყენებით.

სინამდვილეში, ის, რომ მოვლენათა განვითარების ესა თუ ის სცენარი რადიკალურად მოჩანს, ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ის ნაკლებად სავარაუდოა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რა მიზნები აქვს ამა თუ იმ მოქმედ პირს და რა საშუალებები გააჩნია ამ მიზნების მისაღწევად. დღევანდელი რუსეთის შემთხვევაში, მის მიზნებს შორის ცალსახად არის უკრაინის და საქართველოს მისგან დამოუკიდებელი არსებობის პრევენცია – კიევსა და თბილისში მარიონეტული რეჟიმების დასმის, ამ სახელმწიფოების დეზინტეგრაციის, ან ორივე ხსენებული სცენარის ერთდროულად განხორციელების გზით. ამის მიღწევა კრემლის ამჟამინდელ ბინადრებს სასიცოცხლო აუცილებლობად მიაჩნიათ, ამიტომ ამისთვის გააკეთებენ ყველაფერს, რასაც შეძლებენ.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, არ გვქონდეს ილუზია, რომ კრემლის ძირითადი მიზნები საქართველოში მიღწეულია. ეს ასე არ არის. ამ მომენტში ჩვენ კვლავაც არ ვიღებთ ჩვენი ტერიტორიების რუსულ ოკუპაციას; უარს ვაცხადებთ რუსულ კონტროლზე, რომლის ბოლო ინსტიტუციური გამოხატულებაა ევრაზიული კავშირის პროექტი; და ვბედავთ მოსკოვის დაუკითხავად ვიურთიერთოთ სხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის – აშშ-სთან და ევროკავშირის ქვეყნებთან. სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს ყველაფერი, ანუ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა, ნიშნავს იმას, რომ საქართველო კვლავაც ასრულებს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად შეასრულებს ხიდის როლს, ერთი მხრივ, ევროპასა და თურქეთს, ხოლო მეორე მხრივ, აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის; ისევე, როგორც იმას, რომ რუსული ზეწოლის შედეგად ევრაზიულ კავშირში შესვლაზე დათანხმებული სომხეთი „მოწყვეტილია" ამ გეოპოლიტიკური პროექტის დანარჩენ ტერიტორიას. რუსეთი აუცილებლად ეცდება ამ მდგომარეობის შეცვლას და მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ ამ მცდელობისას ის კვლავ რადიკალურ მეთოდებს მიმართავს.

ერთი ასეთი მეთოდი შეიძლება იყოს საქართველოში რუსული მე-5 კოლონის თანდათან გაძლიერება და გააქტიურება, რაც საბოლოო ჯამში მიიღებს შიდა არეულობის ფორმას, რის შემდეგაც რუსეთს ექნება კომბინაციის დაგვირგვინების სხვადასხვა ვარიანტები – კრიზისის გარედან მართვით დაწყებული, ჯარის შემოყვანით დამთავრებული. რუსეთის კიდევ ერთი მეთოდი შეიძლება იყოს სამხედრო აგრესია საქართველოში შიდა არეულობის მიღწევის გარეშეც, პირდაპირ, ნებისმიერი საბაბით. ამ ორი ვარიანტიდან პირველი შედარებით უფრო სავარაუდოა. მისი განხორციელების საფრთხე მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუ საქართველოს შიდა სტაბილურობა შეირყევა ეკონომიკური პრობლემების, პოლიტიკური რეპრესიების და ძალადობის, საზოგადოებაში ამჟამად მიმდინარე სიძულვილის მრავალმხრივი პროპაგანდის, კრიმინალური სამყაროს გააქტიურების და რუსეთის ინტერესების გამტარებელი ძალების სრულიად თავისუფალი მოღვაწეობის შედეგად.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ უახლოესი წლების მანძილზე არსებობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების საფრთხე. თუკი რუსეთი წავა ამ სარისკო და ძვირადღირებულ ნაბიჯზე, მისი მიზანი აუცილებლად იქნება გადამწყვეტი შედეგის მიღწევა – თბილისში მარიონეტული რეჟიმის დასმა. ამას მოჰყვება საქართველოს სუვერენიტეტის აქტიური მომხრეების ხისტი რეპრესირება და, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიის დამატებითი დაქუცმაცება.

2008 წლის ომის შემდეგ, უკრაინის შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება აბსოლუტურად რეალისტურია, თუკი კრემლი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია მისი მიზნების მისაღწევად. ამავე დროს, თავდასხმა შეიძლება მოხდეს ნებისმიერი, მათ შორის, სრულიად ხელოვნურად შეთხზული საბაბით. 2008 წლის აგვისტოში კრემლმა მოიგონა ზღაპარი „ქართველების მიერ მოკლულ ორი ათას მშვიდობიან მოსახლეზე". უკრაინის შემთხვევაში, მას ზღაპრის შეთხზვითაც არ შეუწუხებია თავი. რუსებმა უბრალოდ გაგზავნეს სპეცდანიშნულების რაზმი ყირიმის ავტონომიის სახელისუფლო შენობების დასაკავებლად, შემდეგ კი დაიწყეს დიდი რაოდენობის ჯარის შეყვანა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ყოველგვარი საბაბის გარეშე. უბრალოდ იმიტომ, რომ მათ ეს ფიზიკურად შეეძლოთ ოპერაციის კარგად დაგეგმვის და მათ ხელში საკმარისი სამხედრო და სადაზვერვო რესურსის არსებობის გამო. ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ ჩავთვლით, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება მოხდეს საქართველოშიც.

ამ რეალისტური საფრთხის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა. გასაგებია, რომ საქართველო რუსეთს ომს ვერ მოუგებს, მაგრამ რუსული თავდასხმის შემთხვევაში საკითხი შემდეგნაირად იდგება – რამდენ ხანს გავძლებთ? ჩვენი პოლიტიკური ელიტის მთავარი იმედი ასეთ შემთხვევაში არის დასავლეთის ჩარევა. მაგრამ ამისთვის აუცილებელია დასავლეთს ამ ჩარევისთვის რაღაც დრო მაინც მივცეთ. თუ საქართველოს სამხედრო წინააღმდეგობა დაძლეული იქნება თავდასხმიდან 3 დღის განმავლობაში, რუსეთი დააყენებს დასავლეთს ფაქტის წინაშე, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ობიექტურად უძლური იქნება სწრაფად შეცვალოს საქართველოში არსებული ვითარება. სულ სხვა სურათი იქნება, თუ საქართველოს ექნება უნარი გაწიოს წინააღმდეგობა თუნდაც ერთი ან ორი კვირის განმავლობაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში იარსებებს დასავლეთის მიერ რუსეთის შეჩერების რეალისტური შანსი.

საქართველოს რეგულარული ჯარი ძალიან პატარაა და ვერც იქნება ბევრად უფრო დიდი ჩვენი ფინანსური რესურსების სიმწირის გამო. ამ მარტივი ფაქტიდან გამომდინარე, სერიოზული წინააღმდეგობის გასაწევად აუცილებელია, საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა ომის შემთხვევაში ჩაატაროს დამატებითი ძალების მობილიზაცია. ამისთვის კი აუცილებელია არსებობდეს ორგანიზებული რეზერვი. სამწუხაროდ, 2008 წლის ომის შემდგომი წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა წესიერი სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება. 2011 წლის მეორე ნახევარში ამაზე მუშაობა თითქოს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ქართულ საზოგადოებაში არსებობს ჯარის მიმართ ადეკვატური დამოკიდებულების მწვავე დეფიციტი. 2008 წლის ომის შემდეგ, მანამდე არსებული ზედმეტად ოპტიმისტური მიდგომა შეცვალა ზედმეტად პესიმისტურმა. ადეკვატური კი არის რეალისტური დამოკიდებულება, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ ისეთ მდგომარეობას, როდესაც შეგვეძლება რუსეთის აგრესიის დროს წინააღმდეგობის გაწევა გონივრული ვადის განმავლობაში. შეუძლებელი ამაში არაფერია.

ამ თვალსაზრისით, საქართველოს და პირადად ყველა ჩვენგანის ბედი შესაძლოა დამოკიდებული აღმოჩნდეს, დიპლომატიურ აქტიურობასთან ერთად, ჯარის და ამჟამად პრაქტიკულად არარსებული რეზერვის მდგომარეობაზეც. დიპლომატიური ძალისხმევა და თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერება ერთმანეთს ხელს არ უშლიან. პირიქით, ისინი ერთმანეთს ხელს უწყობენ. პრობლემა ის არის, რომ ჩვენს დღევანდელ საზოგადო-პოლიტიკურ დისკურსში ამ ფაქტის გააზრება ნაკლებად შეიმჩნევა.

პუტინმა ნათლად მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ სამართლებრივი ან ნებისმიერი სხვა ნორმები მისთვის არაფერს ნიშნავს, როდესაც საუბარია მის მიერ დასახული გეოსტრატეგიული მიზნების მიღწევაზე.

აბოლოო ჯამში, ეს ალბათ ძვირად დაუჯდება პუტინსაც და მთლიანად რუსეთსაც. მაგრამ ახლა, მოკლევადიან პერსპექტივაში, სრულიად ცხადი მხოლოდ ის არის, რომ საქართველო სახიფათო ვითარებაშია. ახლა და აქ, ანუ მოცემულ პერიოდში და ჩვენს რეგიონში, მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმები ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. ამის გათვალისწინებით უნდა ვაღიაროთ, რომ მზადყოფნა, სერიოზულად დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა, გაზრდიდა ჩვენს შანსებს, წარმატებით გადავიტანოთ მიმდინარე რთული ისტორიული ეტაპი.

კომენტარები