გიგი უგულავას სიმამრს უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის ბრალი წაუყენეს

is.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის,  გიგი უგულავას სიმამარს,  შალვა კილაძეს და შპს "მანის"  დირექტორს გიორგი მჭედლიშვილს ბრალი წაუყენა. 

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 01 თებერვლიდან, ქ. თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას სიმამარი შალვა კილაძე, მეუღლის ნინა კილაძის სახელით ფლობს შპს "მანი"-ს 50% წილს. 2011 წლის 3 თებერვალს შპს "მანზე" გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის მიმდებარე ტერიტორიაზე ახდენს გაჯის მოპოვებას. მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიით განსაზღვრული იყო გაჯის მოსაპოვებელი ტერიტორია და ნედლეულის რაოდენობა, ნიადაგის მახასიათებლიდან გამომდინარე, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, გიორგი უგულავას მფარველობისა და სამართალდამცავი ორგანოებისაგან ხელშეუხებლობის გარანტიის დაპირებით, შალვა კილაძე ავალებდა საწარმოს დირექტორს გიორგი მჭედლიშვილს და სხვა თანამშრომლებს ლიცენზიით გათვალისწინებული საზღვრების გარეთ გაჯის ნედლეულის მოპოვებას, რა დროსაც შპს "მანის" მიერ სოფელ კრწანისის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ იქნა გადამუშავებული 9 475,07 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საიდანაც საწარმომ მიიღო 138 572 ლარის უკანონო შემოსავალი.

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა გაჯის ნედლეულის მოპოვება და გადამუშავება, 2007-2009 წლებში შპს "მანის" თავდაცვის სამინისტროსათვის და სასაზღვრო პოლიციისათვის მიწოდებული აქვს საწოლები და ლეიბები, ასევე ქ. თბილისის მერიისათვის შესრულებული აქვს კონცერტის საორგანიზაციო სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულებაც შეადგენს 1 566 521 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე 2 ნაწილის "ა" პუნქტით, რაც ითვალიწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა კილაძემ ვერ მოახერხა დაკითხვაზე მისვლა, და მას ბრალი საცხოვრებელ სახლში წარუდგინეს. 

კომენტარები