53-ე სკოლა

სანიკიძე 53-ე სკოლის პედაგოგებზე: ნუ მოიჭრიან გზას ურთიერთობისათვის

განათლების სამინისტრო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, 53-ე სკოლის მოსწავლეების და პედაგოგების მოთხოვნა არალეგიტიმურია და მას ულტიმატუმის ფორმა აქვს. სანიკიძემ პედაგოგებს მიმართა, ნუ მოიჭრიან გზას ურთიერთობებისთვის. მინისტრის შეფასებით, გაფიცვის გამო არ არის დაცული პედაგოგთა და მოსწავლეთა იმ ნაწილის ინტერესები, რომელთაც სწავლის გაგრძელება სურთ. სანიკიძის განცხადებით, დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რადგან #53-ე სკოლაში შერჩეულია სერტიფიცირებული დირექტორი ეკა გახარია, რომელიც მზად არის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან თანამშრომლობისთვის. 

"ჩვენი ქმედება არის ლეგიტიმური. გვინდა ავაშენოთ კანონმორჩილი საზოგადოება. თუ რაიმე საკითხი არის გადასაჭრელი, საჭიროა სასამართლოს გზით გაირკვეს. მანამდე რაიმე ზომების მიღება საჭიროდ არ მიგვაჩნია. კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, ნუ მოიჭრიან გზას ურთიერთობისათვის", - აღნიშნა სანიკიძემ.

განათლების მინისტრმა კომენტარი გააკეთა  #53-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის მარიამ რამინაშვილის განცხადებასთან დაკავშირებითაც, რომ უწყება აგვიანებს მისთვის სარჩელის შესატანად საჭირო დოკუმენტაციის გადაცემას. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, საჯარო ინფორმაციის გასაცემად 10 დღეა დადგენილი. მისივე თქმით, სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში იურისტები საჭირო დოკუმენტების ასლებს აკეთებდნენ, ეს პროცესი დასრულდა და მარიამ რამინაშვილს საჭირო დოკუმენტაცია გადაეგზავნა.

53-ე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები აქციებს ორშაბათიდან  განაახლებენ. მათი თქმით, სამინისტრო ხელოვნურად აფერხებს იმ საბუთების გადაცემას, რომლის საფუძველზეც სასამართლოში საქმე უნდა აღიძრას. პედაგოგების განცხადებით, სკოლაში სასწავლო პროცესი მას შემდეგ აღდგება, რაც მინისტრი ახალი დირექტორის ეკა გახარიას დანიშვნის ბრძანებას გააუქმებს. ისინი შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ. მასწავლებლების თქმით, განათლების სამინისტროს განცხადებები, თითქოს პროტესტი მართულია, სიმართლეს არ შეესაბამება. 

53-ე სკოლის ეზოში მოსწავლეებისა და პედაგოგების საპროტესტო აქცია რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და სასწავლო პროცესი შეჩერებულია. აქციის მონაწილეები, სკოლის ყოფილი დირექტორის მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენას და სამინისტროსა და სკოლის პედაგოგებს შორის მედიატორის დანიშვნას ითხოვენ. სკოლის დირექტორის დათხოვნის საფუძველი სამინისტროს გენინსპექციის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვით, სკოლაში ფინანსური დარღვევები გამოვლინდა. 

კომენტარები