ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

შს მინისტრის ინიციატივით, ადმინისტრაციულ ჯარიმებზე საურავები მცირდება

ალექსანდრე ჭიკაიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, ადმინისტრაციულ ჯარიმებზე საურავები მცირდება. ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავრობის სხდომაზე განსახილველად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ ინიციატივა წარადგინა.

კანონპროექტში გაწერილია საურავების დაკისრების ახალი მექანიზმი, კერძოდ, თუ პირი არ გადაიხდის ჯარიმას, მას დაეკისრება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით (არაუმეტეს 500 ლარისა). მაგალითისთვის, ახალი ინიციატივის მიხედვით, 10-ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეს დაერიცხება საურავი 20 ლარის ოდენობით, 50-ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, საურავი - 100 ლარის ოდენობით და ა.შ. შსს-ს შეფასებით, საურავის დაკისრების ამგვარი მექანიზმი ხელს შეუწყობს თანაზომიერების პრინციპის განმტკიცებას და ადმინისტრაციული გადაცდომის შემთხვევაში, ადეკვატური ოდენობის სახდელის დანერგვას.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ მოქალაქე დადგენილ 30 დღის ვადაში ვერ გადაიხდის მასზე დაკისრებულ ჯარიმას, 100 ლარამდე ჯარიმის შემთხვევაში - მას ერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 100 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე შეიმუშავა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის გამო ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის შემდეგი ფორმულა: თუ ჯარიმის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი გადაიხდის დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ორმაგ ოდენობას, სამართალდამრღვევს აღუდგება ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისთვის ჩამორთმეული მართვის უფლება, ხოლო თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა აღემატება 100 ლარს - მართვის უფლების აღდგენა შესაძლებელი იქნება დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ერთ-ნახევარი ოდენობის გადახდის (არაუმეტეს 2000 ლარის) შემთხვევაში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსის თანახმად, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის გამო შეჩერებული მართვის უფლების დასაბრუნებლად, მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საურავი და დამატებით 500-ლარიანი ჯარიმა, თუ მართვის უფლება შეჩერებულია 6 თვის ვადით, ხოლო თუ შეჩერებულია 1 წლის ვადით - საურავთან ერთად, 1000-ლარიანი ჯარიმა. 

შსს-ს ინიციატივა ასევე მოიცავს შემთხვევებს, როდესაც ჯარიმის გადახდა ხდება სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით.

"მოქალაქეები ხშირად ვერ ამჩნევენ ტერმინალების მომსახურებისთვის დაწესებული საკომისიოს არსებობას და სახელმწიფო ბიუჯეტში ხორციელდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობის არასრულად ჩარიცხვა. აღნიშნულის საფუძველზე, ჯარიმა არ ითვლება გადახდილად, შესაბამისად, მათ ეკისრებათ საურავი და დადგენილი ვადით უჩერდებათ მართვის უფლება. როდესაც მოქალაქისთვის ეს ხდება ცნობილი, ის მიმართავს საპატრულო პოლიციას საურავისა და მართვის უფლების შეჩერების გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შსს-ს ინიციატივით, ასეთ შემთხვევებში სამართალდამრღვევს მიეცემა შესაძლებლობა გადაიხადოს საბანკო დაწესებულებისა თუ ელექტრონული გადახდის საშუალებით მომსახურებისთვის დადგენილი საფასური (1-დან 3 ლარამდე) და აღნიშნულის შესახებ მიმართოს საპატრულო პოლიციას დარიცხული საურავის გაუქმებისა და მართვის უფლების აღდგენის შესახებ", - აცხადებს შსს.

კომენტარები