არეულობა უკრაინაში

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოსკოვს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდეს

უკრაინაში შექმნილი სიტუაცია გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განიხილეს. სხდომის ყველა მონაწილემ რუსეთის პოზიცია დაგმო და მოსკოვს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა. რუსეთის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება მეამბოხეთა წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, რუსეთი მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს იტყვის.

"ძნელია, ერთმანეთს შეუთავსო რუსეთის ქცევა, მისი პროპაგანდა, მისი სამხედრო აქციები და მზადყოფნა დეესკალაციისთვის და მოლაპარაკებებისთვის, რასაც ის გამოთქვამს. ჩვენ რუსეთს მეტი გულწრფელობისკენ მოვუწოდებთ. რუსეთის მიმართ ნდობა შერყეულია, თუმცა ჩვენ ისევ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის სიტუაციის დეესკალაციისთვის და მოვითხოვთ რუსეთისგან უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული ძალები უკან გაიწვიოს", - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა გაერო-ში სამანტა პაუერმა.

რუსეთის წარმომადგენელი გაერო-ში, ვიტალი ჩურკინი კი ამბობს, რომ რუსეთის მიმართ ბევრი ცრუ ბრალდება გაისმა.

"გვეუბნებიან, რომ უკრაინის დესტაბილიზაცია გვსურს. მაგრამ რატომ არავინ უპასუხა კრიზისის დასაწყისში ჩვენს მოწოდებას, დაგვეწყო დიალოგი, რათა კრიზისი მოგვეგვარებინა? უკრაინის დესტაბილიზაცია ჩვენს ინტერესებში არ არის", - აღნიშნავს ჩურკინი. 

გაერო-ში უკრაინის წარმომადგენლის იური სერგეევის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ხელმძღვანელობით მსხვილმასშტაბიანი ტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.

"ის არა მარტო უკრაინელ ხალხს ემუქრება, არამედ საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღდეგ არის მიმართული", - ამბობს სერგეევი.

დღეს დილით ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ამბოხებულებს გუშინ წაუყენა, თუმცა, სეპარატისტებს კვლავაც დაკავებული აქვთ დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის შენობა. პრორუსი აქტივისტების გამოსვლები განახლდა ხარკოვშიც. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ინფორმაციით კი, ძალოვანებმა რუსული სპეცსამსახურების რამდენიმე წარმომადგენელი დაკავეს.  

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა გუშინ ქალაქ სლავიანსკში უკრაინის უშიშროების სპეცრაზმისა და პრორუს ამბოხებულთა შორის შეტაკების შედეგად. დაღუპულთა შორის ერთი უშიშროების ოფიცერი და ერთი მეამბოხეა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობთ, რამდენიმე სპეცრაზმელი დაშავდა.

კომენტარები