კალათბურთი

მოკრძალებული, თავხედი და შესანიშნავი კაირი ირვინგი

დრედი და მისი მეუღლე ელიზაბეთი, მელბურნის ერთ-ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ უბანში კალათში ბურთს ისროდნენ. 1992 წლის იანვარი იდგა, ელიზაბეთი ფეხმძიმობის მეშვიდე თვეში იყო, მაგრამ ყოფილ კალათბურთელ ქმარს გართობაში მხარს ისე უბამდა, თითქოს გამობერილი მუცელი სულაც არ ჰქონოდა. თავად ყოფილი ფრენბურთელი იყო – ბოსტონის უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა, დრედი კი ამავე სასწავლებლის საკალათბურთო გუნდის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახლდათ.

2014 წლის NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა. მეფე ლებრონ ჯეიმსი გასახდელში, საკუთარ კუთხეში განმარტოვდა. ასევე მოიქცა კევინ დურანტიც. MVP – ყველაზე ძვირფასი კალათბურთელის პრიზის მოპოვება ნებისმიერი მოთამაშისთვის უაღრესად პრესტიჟულია. ეს ნიშნავს, რომ პირველი, ყველაზე მაგარი ხარ. როდესაც ამ ჯილდოს ვარსკვლავებით გადაჭედილ საზოგადოებასთან ბურთაობის შედეგად ეუფლები, ლოგიკურია, რომ MVP-ს წოდება მეტად ფასობს. შეხვედრის დაწყებიდან ცხადი გახდა – პრესტიჟული პრიზის დაუფლება ჯეიმსსა და დურანტს ისე სურდათ, რომ შეძლებოდათ, სხვებს პარკეტიდან საერთოდ გააქრობდნენ. მათაც რომ შევეშვათ, მატჩის დაწყებამდე ასევე ფიქრობდა ყველა – MVP-ს ტიტულისთვის ბრძოლა ჰიტისა და თანდერის ვარსკვლავების ჭიდილში უნდა გადაწყვეტილიყო. კი, აქვე იყვნენ საუცხოოდ მოთამაშე გრიფინი და ტრადიციულად ზუსტად მსროლელი ენტონი, მაგრამ მათ ბუკმეიკერებიც კი არ აღიქვამდნენ საკმარისად სერიოზულ კანდიდატებად.

დრედი იხსენებდა, როდესაც ერთხელ სტუდქალაქის მარკეტში ფრენბურთის ფორმაში ჩაცმული გოგონა დავინახე, წამიერად გავშრი და ისეთი რამ ვიგრძენი, რაც არასდროს მიგრძვნიაო. ამ დღის შემდეგ, ის და ელიზაბეთი რამდენიმე წელი ხვდებოდნენ, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და საბოლოოდ იქორწინეს კიდეც. დრედს NBA-ში თამაში ოცნებად ჰქონდა, ამიტომ სტუდენტური ლიგის შემდეგ დრაფტზე მოხვედრას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ერთხელ ბოსტონ სელტიკსის საზაფხულო შეკრებაზეც მიიწვიეს, მაგრამ გუნდში არ აიყვანეს. ოცნება ოცნებად დარჩა და იმედგაცრუებული სათამაშოდ ავსტრალიურ ლიგაში წავიდა, სადაც საშუალოდ 30 ქულას აგროვებდა. ნელ-ნელა მისი მოთამაშის კარიერაც დასრულდა და მეუღლესთან, პატარა გოგონასთან და ახალდაბადებულ ბიჭთან ერთად ელიზაბეთის მშობლების მახლობლად, სიეტლის შორიახლოს დასახლდა. დრედს კარიერის აწყობა, კალათბურთისგან ჩამოშორება სურდა, ამიტომ მანჰეტენს მიაშურა, სადაც ბროკერის ლიცენზიის მიღება გადაწყვიტა. მცირე ხანში ოჯახის ყველა გეგმას ერთბაშად გადაესვა ხაზი – ელიზაბეთი 29 წლის ასაკში სისხლის დაავადების დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. რამდენიმე საათში ის გარდაიცვალა. ასე დარჩა დრედ ირვინგი საყვარელი ცოლის გარეშე ორ გოგონასთან და ერთ ბიჭთან – კაირი ირვინგთან ერთად.

ნიუ ორლეანში შეკრებილი მაყურებლები და ტელეეკრანებთან მყოფი მილიონობით ადამიანი ორი ტიტანის ბრძოლას ელოდა, საბოლოოდ კი ერთი ავსტრალიელ-ამერიკელი ბიჭის მიერ შესრულებული სპექტაკლის მომსწრე გახდა. კაირი ირვინგმა ყველა ვარსკვლავის მატჩი პატარა ბწკენებით დაიწყო, ლამაზი ბწკენებით. რომელი ერთი მომენტი გავიხსენოთ: ის თუ როგორ ბავშვურად ასწია ჰაერში გიგანტი ჰოვარდი და ისე მოათავსა ბურთი კალათში, თუ რა თავხედურად შევარდა ფარქვეშ და სახტად დატოვა თვით დურანტი... თუ არ გინახავთ ეს სანახაობა, სასწრაფოდ გამოასწორეთ, მხოლოდ წაკითხვა საკმარისი არ არის! კლივლენდის გამთამაშებელი თანდათან უმატებდა, ისროდა და პასებსაც არიგებდა, შესვლები, ჩატენვები... ამ ბიჭს იმ ღამეს ყველაფერი გამოსდიოდა და თან, რაც მთავარია, საოცრად ლამაზად. ფარში 17-ჯერ ისროლა და 14-ჯერ მოათავსა ბურთი. ერთი სიტყვით, 14 შედეგიან გადაცემას და 5 მოხსნას 31 ქულაც დაუმატა და მერე რა, რომ დურანტს და გრიფინს 38 ჰქონდათ? MVP აუცილებლად ელიზაბეთის და დრედერიკის შვილი, 21 წლის კაირი ირვინგი უნდა გამხდარიყო.

„დედა არ მახსოვს, რაც მისგან დამრჩა, მხოლოდ ფოტოებია. მასზე ყველაფერი მამისგან გავიგე, ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ დედაზე", – ამბობს კაირი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დრედმა გადაწყვიტა უფროსი შვილის, აზიას მსგავსად, კაირისთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონოდა და გამოუვიდა კიდეც. ბროკერი გახდა, მაგრამ კალათბურთის მიმართ სიყვარული მაინც ვერ ჩამოიშორა, რასაც პატარა ირვინგიც ამჩნევდა და გადაწყვიტა მამის აუხდენელი ოცნება თავად აესრულებინა. „მე ვითამაშებ NBA-ში" – პატარა კაირიმ ეს წარწერა სკოლის კედელზე დაწერა და მეტი დამაჯერებლობისთვის ხაზი სამჯერ გაუსვა. ირვინგი კალათბურთს თამაშობდა, დრედი ამ დროს სამსახურში იყო და შვილის გატაცებას დიდად სერიოზულად არ უყურებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, დრედერიკმა გადაწყვიტა კაირის პირადი მწვრთნელი გამხდარიყო.

„კაირის თამაშებზე სიარული მაშინ დავიწყე, როდესაც მეხუთე კლასში იყო. სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა, ლიდერის თვისებები არ ჰქონდა. ბავშვები დომინირებას ცდილობდნენ, კაირი კი შეუმჩნეველი იყო, საკუთარ თავზე რაიმე როლის დაკისრებას ერიდებოდა", – წლების შემდეგ ჰყვება დრედი.

სამაგიეროდ, პატარა ირვინგი ძალიან კარგად სწავლობდა, უკრავდა საქსოფონსა და საყვირზე. „მეშინოდა ვყოფილიყავი საუკეთესო. მამა ყოველთვის მიმეორებდა: საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული იყავი, მეტი რწმენა, მეტი რწმენა. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ყველაფრის მიღწევა შემეძლო. მე კი ვფიქრობდი, რომ მას უფრო სჯეროდა ჩემი, ვიდრე თავად მე", – იხსენებს კაირი ირვინგი.

საბოლოოდ, დრედმა შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ უნდა გაეთავისუფლებინა შვილი შებოჭილობისა და მორიდებულობისგან. ყოველდღე, სადილის წინ, მამა და შვილი ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ. წესი შემდეგი იყო: ვინც ბურთს კალათში ვერ ჩააგდებდა, მოწინააღმდეგეს გადასცემდა. როდესაც მოსაღამოვდებოდა, ირვინგები კვლავ ფართან ინაცვლებდნენ, დრედი თავის ვერცხლისფერი აუდი A6-ის შუქებს რთავდა და კაირის იქამდე ავარჯიშებდა, სანამ დაღლილობისგან არ დაეცემოდა. ბურთის მარჯვენა და ამავე დროს მარცხენა ხელით ტარება, ტარება ორი ბურთით, ჩოგბურთის ბურთითაც კი, ფართან შესვლა, უეცარი, სწრაფი დრიბლინგი – ამ და კიდევ ბევრ კომპონენტში დრედი შვილს წლობით ამუშავებდა. „მოგწონს თუ არა ეს ყველაფერი, უფალმა ნიჭით დაგაჯილდოვა. შენ ბენტლი ხარ, რომელიც გუნდს წინ უნდა გაუძღვეს და თუ ასე არ მოხდება, ისინი დამარცხდებიან", – ეუბნებოდა დრედი კაირის.

კიმბერლის აკადემია არ იყო განთქმული განსაკუთრებული საკალათბურთო სკოლით, მაგრამ ირვინგმა იქ მალე ისე გაითქვა სახელი, რომ ყველა ხვდებოდა – ეს ბიჭი სხვებზე არა ერთი ან ორი, სამი-ოთხი თავით მაღლა იდგა. სიმაღლით 1,80 სმ-ც კი არ იყო, მაგრამ 30 ქულის და 10 მოხსნის მოგროვება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ყველაფრიდან გამომდინარე, დრედ ირვინგმა მიიღო გადაწყვეტილება, პირადი გეგმებისთვის გადაეხედა და კაირი სასწავლებლად წმინდა პატრიკის სკოლაში გადაიყვანა. ეს სკოლა ცნობილი იყო ძლიერი საკალათბურთო გუნდით, სადაც არაერთი პერსპექტიული კალათბურთელი თამაშობდა. აქ იყო, მაგალითად, შარლოტ ბობკეტსის ფორვარდი მაიკლ კიდ-გილკრისტი, რომელიც სხვებთან ერთად გუნდის ლიდერად ითვლებოდა და თავდაპირველად ახალბედა ირვინგი სხვების ფონზე კვლავ ჩრდილში მოექცა.

როგორც შემდგომში გაირკვა, საქმე ისევ ფსიქოლოგიურ პრობლემაში იყო. თანაგუნდელები მოგვიანებით ჰყვებოდნენ, რომ კაირი ვარჯიშებზე მნიშვნელოვნად უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე თამაშებზე. შესაბამისად, მწვრთნელები მცირე სათამაშო დროს აძლევდნენ. ირვინგი ისევე ვერ იღებდა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, როგორც უწინ. მოგვიანებით, წმინდა პატრიკის სკოლის დამთავრება კალათბურთის გუნდის ერთბაშად რამდენიმე ლიდერს მოუწია და აქ დაიწყო ირვინგის ვარსკვლავური ისტორია. საშუალოდ 24,5 ქულა და 6,5 მოხსნა – სწავლის მეოთხე წელს კაირი ირვინგი ნამდვილი სენსაცია გახდა. მასზე ლაპარაკობდნენ ყველგან, ეთაყვანებოდნენ სკოლაში, ხშირად შორიახლოს ქუჩაშიც კი ცნობდნენ, თუმცა ის კვლავ მოკრძალებულ ბიჭად რჩებოდა.

წმინდა პატრიკის სკოლაში ნაჩვენები შესანიშნავი კალათბურთის შემდეგ, ირვინგი დიუკის კოლეჯში მიიწვიეს. ეს იმ მიზნის მიღწევისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იყო – ხომ გახსოვთ, სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერა? მას NBA-ში უნდა ეთამაშა. საბოლოოდ, დიუკის შემადგენლობაში ირვინგმა მხოლოდ 303 წუთი ითამაშა და გახდა პირველი მოთამაშე სპორტის ნებისმიერ სახეობაში, რომელიც დრაფტზე პირველ ნომრად სტუდენტურ გუნდში ნათამაშები ასეთი მცირე დროის მაჩვენებლით აირჩიეს.

2011 წლის დრაფტზე კლივლენდ კავალიერსმა კაირი ენდრიუ ირვინგი პირველ ნომრად აირჩია. „უცნაური არჩევანია. მეეჭვება ირვინგმა გუნდს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს" – ეს სიტყვები, არც მეტი, არც ნაკლები, ჩარლზ ბარკლიმ დრაფტის დასრულებისას თქვა. მისტერ ბარკლის მიერ კარიერის განმავლობაში პარკეტზე დაშვებული ყველა შეცდომაც ვერ გადაწონის ამ გამონათქვამის უსუსურობას. ბარკლი შეცდა და თან როგორ! კაირი ირვინგმა პირველ პროფესიონალურ სეზონში საშუალოდ 18,5 ქულა და 5,4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, მონაწილეობა მიიღო ახალბედებისა და მეორეწლიანების შეხვედრაში და 34 ჩაგდებული ქულით ერთხმად აღიარეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. მოგვიანებით ირვინგი NBA-ს საუკეთესო ახალბედა კალათბურთელად დაასახელეს. შემდეგ წელს კლივლენდის ორიანის ანგარიშზე საშუალოდ 22,5 ქულა და 5,9 შედეგიანი გადაცემა იყო. წელს კაირი ტრავმამ შეაწუხა, მაგრამ სტატისტიკა კვლავაც მზარდია და უეჭველია, რომ პროგრესი გაგრძელდება.

ოლიმპიადის წინ, როდესაც ირვინგი აშშ-ის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ პირადად მიიწვია სპარინგ პარტნიორთა გუნდში, კაირიმ ისე ითამაშა, რომ დრიმ თიმის ვარსკვლავები აღტაცებაში მოიყვანა. „ის ყველასგან გამოირჩეოდა, საოცრად ნიჭიერია", – თქვა ლებრონ ჯეიმსმა. დღეს ირვინგი ლებრონთან ერთად თამაშობს ყველა ვარსკვლავის მატჩში და MVP ხდება. მან აჯობა ყველას, თითოეულ სუპერმოთამაშეს, ვინც 16 თებერვალს მაქსიმუმი გააკეთა, რათა საუკეთესო თავად გამხდარიყო. დღეს, კაირი ენდრიუ ირვინგი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია. მისთვის არ წარმოადგენს სირთულეს, როდესაც გუნდი აგებს, სირენის ამოწურვამდე კი წამებია დარჩენილი, საკუთარ თავზე აიღოს უკანასკნელი სროლის პასუხისმგებლობა. ირვინგი ნამდვილი ლიდერია, რომელსაც დამატებით დროში გადაჰყავს შეხვედრები და ნებისმიერი გუნდის ნებისმიერი მოთამაშე უფრთხის. დრედი ამ ყველაფერს ხან ტრიბუნიდან, ხანაც ტელევიზიით უყურებს და უხარია. უხარია, რადგან მისი შვილი გახდა იმაზე მეტი, ვიდრე თავად სურდა – NBA-ში გამორჩეული მოთამაშე და სწყინს, რომ ამ ყველაფერს ელიზაბეთი ვერ ხედავს...

ახლა ირვინგი კლივლენდის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ სახლში ცხოვრობს. ყველაზე გამოსაჩენ ადგილას მამის და დის 2011 წლის დრაფტზე გადაღებული ფოტო უკიდია. იქვეა Playstation 4, Xbox 360, სხვადასხვა კომპიუტერული თამაშის დისკები და დიდი ტელევიზორი, სადაც კაირი Spongebob Squarepants-ს უყურებს. ანიმაციური სერიალის ყურება ყვითელ ღრუბელ ბობზე, ირვინგის საყვარელი გართობის საშუალებაა. თანაგუნდელები ამბობენ, როდესაც პირველად ვესტუმრეთ სახლში, თვალებს არ დავუჯერეთ, მულტფილმი ჩართო და რიგითი სერიის თითქმის მთლიანი ტექსტი ზეპირად იცოდაო. მოკლედ, ირვინგის ცხოვრებაში სტუდენტური ცხოვრების შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა... ადამიანურად ის ისევ ისეთია, აი, როგორც მოთამაშე კი – ბევრად ძლიერი და სრულყოფილი. ჰო, აქ კიდევ ერთი მომენტია – კაირი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა...

კომენტარები