პრემიერის ვიზიტი

„მიშა კუტაისკი”

პრემიერის ისრაელი მასპინძელი

საქართველოს მთავრობა პარტნიორ ქვეყნებში ქართულ დიასპორებთან თუ ბიზნესმენებთან კონტაქტების დროს, ზოგიერთ შემთხვევაში, რუსეთში კარგად ცნობილ და არაერთგვაროვანი და სპეციფიკური რეპუტაციის მქონე პირებთან სიახლოვის დემონსტრირებას ახდენს.

ასე მოხდა მიმდინარე წლის ინვარში, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრი ისრაელს ვიზიტით ეწვია. ერთ-ერთი შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ ბიზნესმენებთან გამართა. პრემიერმინისტრის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ამ შეხვედრის შესახებ აღინიშნა, რომ მას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა და საქართველოს პრემიერთან სამუშაო ვახშამზე ებრაელმა ბიზნესმენებმა მარტის დასაწყისში საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვეს.

ბიზნესმენებთან შეხვედრას ერთ-ერთი მასპინძლის სტატუსით ამჟამად ისრაელში მცხოვრები ქართული წარმოშობის ბიზნესმენი მიხეილ მირილაშვილი ესწრებოდა. პრემიერის facebook-ის გვერდზე განთავსებული ფოტოების თანახმად, სწორედ მირილაშვილმა მიაცილა პრემიერი და ქართული დელეგაცია გოდების კედელთან.

საქართველოში დაბადებული მიხეილ მირილაშვილი 1977 წლიდან პეტერბურგში ცხოვრობდა, 90-იანი წლების დასაწყისიდან კი პეტერბურგის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი და „ავტორიტეტი" გახდა, რომელსაც რუსული მედიასაშუალებები, მათ შორის, კომერსანტი, მეტსახელად „მიშა კუტაისკის" ეძახდნენ.

მირილაშვილს კიდევ ერთი მეტსახელით – МММ (სახელის, გვარისა და მამის სახელის მიხედვით) იცნობდნენ. როგორც გაზეტა.რუ აღნიშნავს, მას ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ავტორიტეტად მიიჩნევდნენ კონსტანტინ იაკოვლევთან (მეტსახელად „მოგილა") და ვლადიმირ ბარსუკოვთან ერთად.

როგორც რუსული ნეზავისიმაია გაზეტა მირილაშვილის „არაკეთილმოსურნეებზე" დაყრდნობით წერდა, 80-იანი წლების დასაწყისში იგი პროფესიონალი ბანქოს მოთამაშე გახდა, შემდეგ კი უცხოეთში ანტიკვარიატისა და ძვირფასეულობის გატანა დაიწყო. გამოცემის წყაროების ცნობით, მას ნაცნობობა აკავშირებდა ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებთან ფეოკტისტოვთან („ფეკა") და ივანკოვთან („იაპონჩიკი").

2003 წლისთვის მიხეილ მირილაშვილი სათამაშო ბიზნესის მსხვილ ჰოლდინგს კონტი გრუპს და სავაჭრო ცენტრ გოსტინი დვორს ფლობდა, ასევე ჰოლდინგ პეტრომირს და კომპანია რუსკოე ვიდეოს, რომელთა საქმიანობის სფერო საკმაოდ ფართო იყო – მათ შორის, ფარმაცევტიკა, მედიცინა, სამრეწველო წარმოება, გასართობი ინდუსტრია. ინტერნეტგამოცემა გაზეტა.რუ-ს ცნობით, მისი შემოსავალი 40 მილიონ დოლარს შეადგენდა. 1995 წლიდან, რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად, მირილაშვილმა ისრაელის მოქალაქეობაც მიიღო.

გამოცემა გაზეტა.რუ-ს ცნობით, მირილაშვილს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა პეტერბურგის მერთან ანატოლი სობჩაკთან, რომლის გუნდშიც მაშინ ვლადიმირ პუტინიც შედიოდა.

2001 წლის იანვარში მიხეილ მირილაშვილი ადამიანის გატაცების ბრალდებით დააკავეს. თანაც, დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც იგი ისრაელის პრეზიდენტ მოშე კაცავთან ერთად რუსეთში ისრაელის დელეგაციის შემადგენლობაში ჩავიდა.

საქმე 2000 წლის აგვისტოში მიხეილ მირილაშვილის მამის გატაცებისთვის სავარაუდო შურისძიებას ეხება. მიხეილ მირილაშვილი-უფროსი მილიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს. თუმცა, გატაცებული მალევე დააბრუნეს. გამოცემა კომერსანტი წერდა, რომ სამართალდამცველების მტკიცებით, მირილაშვილებმა გამოსასყიდის სახით 5 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს, მაგრამ თავად ოჯახი გამოსასყიდის გადახდის ფაქტს უარყოფდა და ამბობდა, რომ გამტაცებლებმა მიხეილ მირილაშვილი უსასყიდლოდ და ნებაყოფლობით გაათავისუფლეს.

სექტემბერში კი, პეტერბურგში, სასტუმრო ასტორიასთან უცნობმა პირებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი გოჩა ცაგარეიშვილი, მისი მეუღლე და მძღოლი ჩაცხრილეს. გამოცემა კომერსანტი წერდა, რომ ცაგარეიშვილი ასტორიაში მირილაშვილთან შესახვედრად მიდიოდა. გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ მოკლული მირილაშვილი-უფროსის გატაცების ორგანიზატორი იყო და „მიშა კუტაისკიმ" მასზე შური იძია, მაგრამ ეს ვერსია გამოძიებამ საბოლოოდ ვერ დაამტკიცა.

მირილაშვილს და კიდევ რამდენიმე პირს მხოლოდ ორი ეთნიკური ქართველის – დვალისა და ქაქუშაძის გატაცების ბრალდება წაუყენეს, რომლებიც მირილაშვილი-უფროსის გატაცების შემდეგ გაუჩინარდნენ. მოგვიანებით ორივე მათგანი მოკლული იპოვეს. კომერსანტის ცნობით, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ დვალი და ქაქუშაძე მიხეილ მირილაშვილის დაცვის თანამშრომლებმა გაიტაცეს და კომპანია პეტრომირის ოფისში წაიყვანეს, სადაც, თითქოს, ისინი წამებით მოკლეს.

მაგრამ მირილაშვილს არც ეს მკვლელობა დაუმტკიცდა. საბოლოოდ, 2003 წელს, ლენინგრადის სამხედრო ოლქის სასამართლომ (ბრალდებულთა შორის ერთი სამხედრო პირი იყო) მირილაშვილს ადამიანის გატაცებისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უზენაესმა სასამართლომ მას სასჯელის ვადა რვა წლამდე შეუმცირა.

მიხეილ მირილაშვილმა სასჯელი ბოლომდე მოიხადა და ციხე 2009 წელს დატოვა. როგორც მან 2011 წელს ფორბსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, პატიმრობის პერიოდში მისი ბიზნესი არ დაზარალებულა, მას ოჯახის წევრები და პარტნიორები უძღვებოდნენ. 2005 წელს მიხეილის ძმის კონსტანტინეს (გაბრიელის) მიმართ, რომელმაც იგივე ბრალდება ჰქონდა წაყენებული და იძულებული გახდა რუსეთი დაეტოვებინა, სისხლისსამართლებრივი დევნა ოფიციალურად შეწყდა.

2007 წელს მიხეილ მირილაშვილის შვილი ვიაჩესლავი (იცხაკი) ყველაზე პოპულარული რუსული სოციალური ქსელის ВКонтакте-ს 60 პროცენტის მფლობელი გახდა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ მირილაშვილი რუსეთის ებრაელთა კონგრესის პეტერბურგის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ისევ აირჩიეს – ამ პოსტს იგი დაპატიმრებამდე იკავებდა. ასევე 2009 წელს იგი რუსეთის ებრაელთა კონგრესის პრემიის „წლის ადამიანის" ლაურეატი გახდა.

გათავისუფლების შემდეგ მიხეილ მირილაშვილი ძირითადად ისრაელში ცხოვრობს და მედიასთან იშვიათად ურთიერთობს. ფორბსმა მისი ქონება 2011 წელს 750 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა. მისი შვილის ვიაჩესლავის (იცხაკის) ქონებამ კი, იმავე წყაროს მიხედვით, 2013 წელს 950 მილიონი დოლარი შეადგინა.

ფორბსთან ინტერვიუში 2011 წელს მიხეილ მირილაშვილმა განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ 2009 წელს რუსეთში სათამაშო ბიზნესი აიკრძალა, რაც მირილაშვილისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა, მას არცერთი აქტივი რუსეთში არ გაუყიდია და ამ ქვეყანაში ბიზნესს მუდმივად აფართოებს. მირილაშვილი, მისი თქმით, დეველოპერულ ბიზნესს, მშენებლობას, სასტუმროების ბიზნესს, ფარმაცევტიკას, კავშირგაბმულობისა და IT-ბიზნესს აწარმოებს. ბიზნესმენი არ აკონკრეტებს, საქმიანობის რა ნაწილს ეწევა ისრაელში. მისი თქმით, იგი ბიზნესის ძირითადი ნაწილის „რუსეთზე ორიენტირებას" ცდილობს.

მიხეილ მირილაშვილის ძმა – გაბრიელ მირილაშვილი, ამჟამად ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესს ხელმძღვანელობს.

2010 წელს მიხეილ მირილაშვილმა ერთ-ერთ ტელეინტერვიუში ორგანიზებულ დანაშაულთან რაიმე კავშირი ურყო. მის შესახებ ამგვარი ცნობების გავრცელებაში მან ბორის ბერეზოვსკი დაადანაშაულა. მისი თქმით, ამგვარად ოლიგარქმა მასზე შური იძია იმის გამო, რომ მირილაშვილმა მე-11 ტელეარხის გაყიდვაზე უარი უთხრა. შეკითხვას ვლადიმირ პუტინთან ნაცნობობის შესახებ, ბიზნესმენმა უპასუხა, რომ რუსეთის დღევანდელ პრეზიდენტს პირადად არ იცნობს, თუმცა, მას და პუტინს „საერთო მტერი" – ბორის ბერეზოვსკი ჰყავდათ.

კომენტარები