ანა ტატიშვილი

ტატიშვილი: უყურადღებობის გამო, იძულებული ვარ გამოვიდე ამერიკის სახელით

ანა ტატიშვილი

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო და ამიერიდან საჩოგბურთო ტურნირებში მონაწილეობას ამ ქვეყნის სახელით მიიღებს. 

ტატიშვილის თქმით, იგი ქართული მხარისგან, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ჩოგბურთის ფედერაციისა და ოლიმპიური კომიტეტისგან საკმარის ყურადღებას არ გრძნობდა, რაც გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. ჩოგბურთელის განცხადებით, მას სავარჯიშოდ აუცილებელი ფინანსური დახმარებით ქართული მხარე არ უზრუნველყოფდა და გაფრთხილებების შემდეგ, საბოლოოდ ამერიკის სახელით გამოსვლა არჩია.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ტატიშვილი არასოდეს დარჩენილა ყურადღებისა და დახმარების გარეშე. სამინისტრო ანა ტატიშვილს შემდგომ კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

24 წლის ტატიშვილი საქართველოს ნომერი პირველი ჩოგანი იყო. 609 ქულით, დღეს ჩოგბურთელი მსოფლიოს 104-ე ჩოგანია. 2012 წელს, ქართველი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა 50-ეულშიც კი შედიოდა

ანა ტატიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემო საყვარელო მეგობრებო და გულშემატკივრებო! მინდა გითხრათ, რომ ამერიკის მოქალაქეობა მივიღე და გადავწყვიტე საჩოგბურთო ტურნირებში ამერიკის სახელით გამოსვლა.

ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ძალიან ძნელი, მეტიც, მტკივნეული იყო, რადგან სულით და გულით ქართველი ვარ. მიუხედავად სირთულეებისა ბოლომდე ვეცადე ჩემი ქვეყნის სახელი შეძლებისდაგვარად კარგად წარმომედგინა - მეამაყებოდა, როდესაც ჩემი გვარის გასწვრივ Georgia ეწერა.

თუმცა მოვლენათა მსვლელობამ ეს უკვე შეუძლებელი გახადა... ჩოგბურთი რთული და ძვირადღირებული სპორტია. ესაჭიროება კარგი სავარჯიშო პირობები, მწვრთნელები, სპარინგი. ეს აუცილებელია თამაშის მუდმივი სრულყოფისათვის და ტრავმების თავიდან ასაცილებლად.

მთელი წელი ვმოგზაურობ და მწვრთნელთა მთელი გუნდი თან უნდა მახლდეს. პირველ ასეულში, მე მგონი, ერთადერთი მოთამაშე ვიყავი, რომელსაც მწრვთნელთა გუნდი თან არ დაყვებოდა. მამაჩემს უწევდა ყველა ფუნქციის შესრულება.

არსებული ფინანსური მდგომარეობით მარტო მე და ჩემი ოჯახი ვერ ვაკმაყოფილებთ ჩემი ჩოგბუთის განვითარების მოთხოვნილობებს. სამწუხაროდ, მე ჩემი ქვეყნისგან არ მქონია საჭირო მხარდაჭერა და დახმარება. მხოლოდ 2010-2012 წლებში ლონდონის ოლიმპიადაზე მოსახვედრად ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩოგბურთისათვის მცირე დახმარება გამიწია.

მესმის, რომ საქართველო მდიდარი ქვეყანა არაა, მაგრამ უყურადღებობის მიზეზი მაინც გულგრილობა მგონია - ხშირ შემთხვევაში ვგრძნობდი დამცირებას საქართველოს სპორტული ხელმძღვანელობისაგან. ბოლოს საქართველოს ჩოგბურთის ხელმძღვანელობას ველაპარაკე ერთი წლის წინ და ავუხსენი ჩემი მდგომარეობა - თუ რა ესაჭიროება ჩემ საჩოგბურთო კარიერას. მინიმალური საჭიროება ერთი მწვრთნელის ხარჯების გადასახადი იყო.

ტრავმა მქონდა - ფეხზე სამი მყესი მქონდა გაწყვეტილი. საგონებელში ვიყავი. ცხადია, ისიც ვუთხარი, რომ საქართველო თუ ვერ დამეხმარებოდა, მაშინ სხვა გზებით მომიწევდა პრობლემებიდან თავის დაღწევა.

სამწუხაროდ ჩემი ქვეყანა ვერანაირად ვერ დამეხმარა - ერთხელაც არ დამიკავშირდნენ. ამ პირობებში შეუძლებელი ხდებოდა საჩოგბურთო კარიერის გაგრძელება, თან, წელსაც ტრამვით დავიწყე სეზონი - ისევ ფეხის მყესი დავიზიანე და ერთ თვეზე მეტია ვერ ვვარჯიშობ. ასეთ პირობებში იძულებული გავხდი, გამოვიდე ამერიკის სახელით.

მჯერა ყველანაირად უკეთესი პირობები მექნება, რაც დაეხმარება ჩემ საჩოგბურთო კარიერას. ერთადერთ მუდმივ ადამიანურ ყურადღებას საქართველოს საჩოგბურთო ხელმღვანელობიდან მხოლოდ ლალი ზერეკიძესაგან და ემზარი ზეინიშვილისაგან ვგრძნობდი, რისთვისაც მათი დიდი მადლობელი ვარ.

წლებია, მქონდა შემოთავაზებები, რომ წარმომედგინა სხვა ქვეყნები (ამერიკა, ყაზახეთი...), მაგრამ სანამ საშუალება მქონდა, ამას არ ვაკეთებდი. ოთხი წლიდან ამ სპორტით ვარ დაკავებული, ცხოვრება ჩოგბურთს მივუძღვენი - ყოველ დღიურად ვშრომობ, მთელი ჩემი კონცენტრაცია ჩოგბურთზეა, ბევრი რამ დავიკელი, ბევრზე საერთოდ უარი ვთქვი და მინდა რომ შრომა დამიფასდეს, მივაღწიო ჩემ მიზნებს.

სულით ქართველი ვრჩები და იცოდეთ, რომ ჩემი გამარჯვება ქართული სულის და გენის გამარჯვება იქნება. თან, იქნებ დაფიქრდნენ სპორტის მესვეურები საქართველოში და გულით მოეკიდნონ მომავალ თაობებს.

მინდა გადაგიხადოთ უდიდესი მადლობა წლების განმავლობაში გულშემატკივრობისათვის და მუდმივი თანადგომისათვის. იმედი მაქვს, თქვენგან სითბო მომავალშიც არ მომაკლდება.

ძალიან მიყვარხართ ჩემო გულშემატკივრებო. ასევე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო საქართველოც - მე ყოველთვის ქართველი ვიქნები.

სიყვარულით, ანა ტატიშვილი".

კომენტარები